გომელაურს გვამები არ სჭირდება!
ფიქრები ზუგდიდური ძარცვისა და სპეცოპერაციის კვალდაკვალ.
2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდი ჰოლივუდური თრილერის გადასაღებ მოედანს დაემსგავსა, მთელი საქართველოს მოსახლეობა კი – მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მაყურებელს, რომელიც ტელეეკრანს მიეჯაჭვა და საათების განმავლობაში სუნთქვა შეკრული ადევნებდა თვალს ბანკში შეჭრილი მძარცველის განეიტრალებისა და მძევლების გადარჩენისთვის წარმოებულ საპოლიციო ღონისძიებას.
თუმცა, ზუგდიდურ თრილერში ბევრი ისეთი რამ იყო, ამერიკულ ფილმებშიც რომ ვერ ვნახავთ და რეალურ ცხოვრებაში ხომ, საერთოდ, ვერ წარმოვიდგენთ.
მაგალითად, ვერც ამერიკულ ფილმებში და ვერც ნორმალური ქვეყნების რეალურ ცხოვრებაში ვნახავთ, რომ ტელევიზიები სპეცოპერაციის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში გადასცემენ, დეტალურად ჰყვებიან პოლიციელების იმწუთიერი ქმედებების შესახებ, ეკრანზე აჩვენებენ, თუ სად არის განლაგებული ჯავშანტექნიკა და აცხადებენ, რომელი კორპუსის სახურავზე სხედან სნაიპერები, ზუგდიდში კი ზუსტად ასე ხდებოდა – „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ კორესპონდენტები ბანკში შეჭრილ მძარცველს პირდაპირ ეთერში ატყობინებდნენ, თუ საიდან ემუქრებოდა საფრთხე.
აი, მაგალითად, „ტვ პირველის“ კორესპონდენტის პირდაპირი ჩართვა: „მე ვთხოვ ოპერატორს, გაჩვენოთ მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული „საქართველოს ბანკის“ გვერდით ქუჩაზე, რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი განლაგებულები არიან შენობის მოპირდაპირე მხარეს, რამდენიმე სნაიპერი არის ბანკის მოპირდაპირე მხარეს განლაგებული“.
რაც შეეხება სააკაშვილ–გვარამიას ტელეკანალიზაცია „მთავარ არხს“, იგი პირდაპირ ეთერში აჩვენებდა მიწაზე გაწოლილი და შაშხანამომარჯვებული სნაიპერის კადრს, ბანკში მყოფი მძარცველი კი ერთ–ერთი მძარცველის მობილური ტელეფონით ამ ყველაფერს ე.წ. ლაივში ადევნებდა თვალს.
ასე რომ, ბოროტმოქმედი, რომელიც ბანკში მარტო შეიჭრა, სინამდვილეში, სულაც არ ყოფილა მარტო, რადგან გარეთ, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ კორესპონდენტების სახით, შესანიშნავი მოკავშირეები და ინფორმატორები ჰყავდა.
და კიდევ: არათუ რომელიმე ქვეყნის რეალობაში, არამედ ჰოლივუდურ ფილმებშიც ვერ ნახავთ, რომ სპეცოპერაციის პერიმეტრის მიმდებარედ პოლიტიკოსებმა ტელეკამერების წინ პოზირება დაიწყონ და ხელისუფლების ლანძღვა–გინება მორთონ, ზუგდიდში კი სწორედ ასე მოხდა – როცა სამართალდამცავები მძარცველის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლებას ცდილობდნენ, იქვე თავშეყრილი „ნაცმოძრაობისა“ და „ევრონაცმოძრაობის“ ლიდერები ტელეეთერში კრიმინალის გაზრდილ სტატისტიკაზე, ხელისუფლების უნიათობასა და პოლიციის არაპროფესიონალიზმზე საუბრობდნენ.
ის კი არა, ბოკერიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ბანკში შეჭრილი ბოროტმოქმედის გამართლება და „არსენა მარაბდელად“ გამოცხადებაც კი სცადა – რასაც ახლა ვხედავთ, ეს ქვეყანაში არსებული სოციალური გაჭირვების შედეგიაო! ბოკერიას პარტიის მეორე გიგიმ – უგულავამ კი, საერთოდ, ამისთვის მოიცალა, რომ ურთულესი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციელებს დაპირისპირებოდა და დამუქრებოდა – იცოდეთ, ქვეყანაზე „ვეჩნი“ არაფერია და ხელისუფლება რომ შეიცვლება, პასუხს გაგაგებინებთო!
ძვირფასო მკითხველო, ფანტაზიას ძალა დაატანეთ და როგორმე წარმოიდგინეთ: მძარცველი ნიუ–იორკის რომელიღაც ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, შემთხვევის ადგილას კი ტრამპის ოპოზიცია მივარდა და ინტერვიუების ჩამორიგება დაიწყო, თუ როგორი უვარგისია ამერიკის ხელისუფლება, ან პარიზში ძარცვავენ ბანკს, ბოროტმოქმედებს მძევლები ჰყავთ აყვანილი, პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს და იქვე პრეზიდენტ მაკრონის ოპოზიცია ტელეკამერების წინ საფრანგეთის ხელისუფლებას ლანძღავს...
ვერ წარმოიდგინეთ? არც არის გასაკვირი! ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ არცერთ ნორმალურ სახელმწიფოში არცერთი ნორმალური პოლიტიკოსი ამას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის არ იყენებს, რადგან დედამიწის ზურგზე არსად მოიძებნება ისეთი ანტისახელმწიფოებრივი, მორალისაგან დაწრეტილი და ლეშისმჭამელი ოპოზიცია, როგორებიც „ნაცმოძრაობა“, „ევრონაცმოძრაობა“ და მათი ნაფოტები არიან.
მოკლედ, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეჭრილ მძარცველს მოკავშირეებად და მორალურ მხარდამჭერებად არამარტო „ნაცჟურნალისტები“, არამედ „ნაცპოლიტიკოსებიც“ ჰყავდა, რომლებიც იმ დღეს იქ ერთადერთ რამეს ელოდებოდნენ – სისხლი უნდა დაღვრილიყო და რამდენიმე მძევალი მაინც დაღუპულიყო, რაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების კრახი და ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა იქნებოდა.
საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, ძალოვანმა სტრუქტურებმა და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ზუგდიდში ჩავიდა და სპეცოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობდა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – ყველაფერზე მაღლა მძევლების სიცოცხლე დააყენეს და ბოროტმოქმედთან მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ შეძლეს კიდეც, ბანკის შენობიდან უკლებლივ ყველა მძევალი უვნებელი გამოეყვანათ!
რა თქმა უნდა, მეორე გზაც არსებობდა – სპეცრაზმი ბანკის შენობაში შევარდებოდა და მძარცველს ან დააკავებდა, ან მოკლავდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არანაირი გარანტია არ არსებობდა, რომ სპეცოპერაციას თუნდაც რამდენიმე მძევლის სიცოცხლე არ შეეწირებოდა!
დიახ, ვახტანგ გომელაურს შეეძლო, ვანო მერაბიშვილივით მოქცეულიყო და საკუთარი ხელქვეითებისთვის ებრძანებინა – „ერთი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ის ერთი გვამი!“ მინისტრის ბრძანება დაუყოვნებლივ შესრულდებოდა და გომელაურს მძარცველის გვამს მიართმევდნენ, თუმცა, იქვე არაერთი მძევალისა და პოლიციელის გვამიც დახვავდებოდა!
ვახტანგ გომელაურს ისიც შეეძლო, ტელეკამერების წინ დამდგარიყო და თავი მოეწონებინა – ბოროტმოქმედს არცერთი მოთხოვნა არ შევასრულეთ და გავანადგურეთ, მართალია, ამას მძევლებისა და პოლიციელების სიცოცხლეც შეეწირა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელი იყო, აბა, რა გვექნა, მძარცველს ნახევარ მილიონ დოლარს ხომ არ გავატანდით და კრიმინალს ხომ არ წავახალისებდითო?
თუმცა, გომელაურმა ეს არ გააკეთა, იმიტომ, რომ გომელაური მერაბიშვილი არ არის და მისთვის ძვირფასია არა გვამები, არამედ ადამიანის სიცოცხლე!
მერაბიშვილისგან განსხვავებით, გომელაურისთვის სპეცოპერაციის წარმატება იზომება არა იმით, თუ რამდენ გვამს მიუტანენ, არამედ იმით, თუ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქისა და პოლიციელის სიცოცხლე გადარჩება!
რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ვახტანგ გომელაურმა და მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა პოლიციამ ზუგდიდში გააკეთა ის, რასაც ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ნორმალური შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია გააკეთებდა, მაგრამ არასოდეს გააკეთებდა არანორმალური მერაბიშვილი და მის მიერ გვამებზე დაგეშილი პოლიცია!
ამდენად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ გვამებზე დაგეშილი რეჟიმის ნარჩენები ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას „წარუმატებელს“ უწოდებენ და შს მინისტრის გადადგომასაც კი ითხოვენ – მათ ხომ სამეგრელოს შუაგულში სისხლის ტბა და გვამების გროვა ვერ მიიღეს!
გავიხსენოთ 2004 წელს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ნაცრეჟიმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, როცა ევგენი აფრასიძე აივანზე ხელებაწეული გამოვიდა, მაგრამ მაინც ესროლეს და ცეცხლწაკიდებულ სახლში გამოწვეს, უკვე დაკავებული, ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე კი სახლის უკან გაიყვანეს, დახვრიტეს და ბეჭდიანი თითი „შტიკნოჟით“ მოაჭრეს!
გავიხსენოთ 2006 წელს თბილისში, ჩოგბურთის კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაცია, როცა მეგვამე მერაბიშვილის ჩაფრებმა ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მანქანაში ისე ჩაცხრილეს, რომ არც იცოდნენ, ვინ მოკლეს და 3 საათის განმავლობაში არკვევდნენ მათ მიერვე დახოცილი ბიჭების ვინაობას!
გავიხსენოთ 2006 წელსვე თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურთან ჩატარებული სპეცოპერაცია, როცა სრულიად უდანაშაულო და უიარაღო სამი აჭარელი ბიჭი ადგილზე დახვრიტეს და საკონტროლო ტყვიებიც კი დაახალეს!
აი, ასეთი სპეცოპერაციების ჩამტარებლები აკრიტიკებენ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელიც მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დასრულდა, სისხლი არ დაღვრილა და სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე 500 ათას დოლარზე მაღლა დააყენა.
და კიდევ: 2020 წლის 21 ოქტომბერს სრულიად საქართველომ ზუგდიდში ნამდვილი გმირობისა და თავდადების ნამდვილი მაგალითი იხილა, როცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, მძევლების სიცოცხლის გადარჩენის სანაცვლოდ, კბილებამდე შეიარაღებულ მძარცველს მძევლად თვითონ ჩაბარდა.
სწორედ გალდავა აწარმოებდა მოლაპარაკებას ბოროტმოქმედთან და ბანკის შენობაში ნახევარი მილიონი დოლარით სავსე ჩანთაც მან შეუტანა, ხოლო შემდეგ, კიდევ სამ მძევალთან ერთად, ხელებშებორკილი გაჰყვა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხამდე, საიდანაც ყაჩაღი გაუჩინარდა.
ქართველმა საზოგადოებამ, რომელიც „ნაცრეჟიმის“ 9-წლიანი ბოგინის პერიოდში ადამიანების უკანონოდ დამჭერ, ნარკოტიკისა და იარაღის ჩამდებ, მწამებელ და გამაუპატიურებელ პოლიციის მაღალჩინოსნებს უყურებდა, დღეს იხილა პოლიციის უფროსი, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად სასწორზე საკუთარი სიცოცხლე დადო.
იგივე ზუგდიდელებს დღემდე ახსოვთ და, ალბათ, არც არასოდეს დაავიწყდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, პირწავარდნილი ჯალათი მეგის ქარდავა, რომელიც დღეს ადამიანების წამებისა და გაუპატიურების ორგანიზებისთვის არის გასამართლებული და ქართულ მართლმსაჯულებას უცხოეთში ემალება.
ახლა კი ჯალათი მეგის ქარდავას ყოფილ თანამდებობას ნამდვილი პოლიციელი და გმირი ავთანდილ გალდავა იკავებს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს არა ადამიანების წამებასა და გაუპატიურებას, არამედ მათი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს რისკავს.
ამ საქართველოში, სადაც შს მინისტრი მეგვამე ვანო მერაბიშვილი იყო, პოლიციის უფროსი აუცილებლად ჯალათი მეგის ქარდავა უნდა ყოფილიყო, ხოლო ამ საქართველოში, სადაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია, პოლიციის უფროსი გმირი ავთანდილ გალდავა გახლავთ.
განსხვავება ადვილი დასანახია და შესაგრძნობია!
ხოლო, ვინც ამ განსხვავებას ვერ ან არ გრძნობს, იმის დიაგნოზი არის „ნაცი“, რომლის წამალიც ჯერ არავის გამოუგონია!
გაქცეულ მძარცველსაც დაიჭერენ და კორონავირუსის წამალსაც გამოიგონებენ, მაგრამ „კორონაცვირუსს“ არაფერი ეშველება!
ჯაბა ხუბუა