საქალაქო სასამართლოში ვანო ხაბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის დაკავების და ცემის ეპიზოდზე, დათა ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე კახაბერ დაბრუნდაშვილი დაიკითხა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა მისი და ვანო ხაბულაშვილის დაკავებისა და წამების ფაქტი. მოწმის განცხადებით, დაკავების შემდეგ ისინი ოქროყანის სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანეს და სასტიკად სცემეს.
მისი თქმით, მათ წამებასა და ცემაში უშუალოდ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და გერონტი ალანია მონაწილეობდნენ. მომდევნო სასამართლო სხდომა კი 7 ივლისს გაიმართება.
„მხოლოდ და მხოლოდ შიშის გამო ვერ მივმართე პატრულს", - აცხადებს კახაბერ დაბრუნდაშვილი.
„სწორედ დავით ახალაიას მითითების საფუძველზე 2005 წლის ოქტომბრის თვეში გატაცებულ იქნა თავისუფლების მოედნიდან და შემდგომ გადაყვანილ იქნა ოქროყანის სასაფლაოზე, სადაც განხორციელდა ხსენებული დაზარალებულისა და მისი მეგობრის წამება უშუალოდ დავით ახალაიასა და მისი ჯგუფის წევრების მიერ", - განაცხადა პროკურორმა ლაშა ცხვიტარიამ.