„გიგი წერეთელი რამდენიმე წელია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია, თუ ორგანიზაცია აირჩევს თავმჯდომარედ, ეს არც ძალიან კარგია და არც ძალიან ცუდი, ეს იქნება ჩვეულებრივი მოვლენა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ აქ საკითხი წყდება ეუთო-ს საპარლმენტო ასამბლეის 57 ქვეყნის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს 3 ხმა. ასე რომ, რაც უნდა გულზე მჯიღი ვიცეთ, ვიღაცა მხარს უჭერს და ვიღაცა - არა, ეს არ არის გადამწყვეტი. პოლიტიკური ჯგუფები უჭერენ კანდიდატს მხარს და არა - ინდივიდები. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ „ევროპის სახალხო პარტია" მხარს უჭერს გიგი წერეთელს, რადგან ამ ორგანიზაციის წევრია. „სოციალ-დემოკრატების" კანდიდატს მხარს უჭერს „ქართული ოცნება", რომლის წევრიც არის. მე პირადად, ვარ „ლიბერალ-დემოკრატების" წევრი და მათთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პერსონალური დამოკიდებულებები არაფერ შუაშია.
„საერთოდ უნდა ვისწავლოთ, რომ საერთაშორისო არენაზე ჩვენი შიდა კინკლაობები და პწკენები არის სირცხვილი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 1-5 ივლისს თბილისში გაიმართება, კენჭისყრა ასამბლეის პრეზიდენტის ასარჩევად 5 ივლისს შედგება. პრეზიდენტობის კანდიდატად გიგი წერეთელიც არის წარდგენილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ დეპუტატებს წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.