„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად სამყარო ებრძვის პანდემიას, საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს აისახება თვიდან თვემდე ეკონომიკის ვარდნის შესუსტებაში. ასევე - ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში.
მინისტრის თქმით, სრულიად ლოგიკურია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, პირველ რიგში, სავალუტო ფონდმა შეაფასა საქართველოს პერსპექტივა იმდაგვარად, რომ ერთ-ერთი რეგინული ლიდერი ვიქნებით ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, კერძოდ, 2021-2025 წლებში, 5,5 პროცენტი იქნება საშუალო ზრდის ტემპი, ყოველწლიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ უახლოეს პერიოდში დავძლით კოვიდით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები; კვლავ დავუბრუნდეთ მაღალი ზრდის ტრაექტორიას; განვიმტკიცოთ რეგიონული ლიდერის სტატუსი.
„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად სამყარო ებრძვის პანდემიას და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან ჩვენც ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.