„ჩვენ სიყვარულით მოვდივართ, ჩვენ სათნოებით მოვდივართ. ეს არის ჩვენი პრინციპი, ეს არის ჩვენი რწმენა და ვფიქრობთ, ამ რწმენით და ამ პრინციპით გავიმარჯვებთ“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურად ზოგ პარტიასა და „უპასუხისმგებლო პოლიტიკურ სუბიექტზე“ მეტად გაიზარდა.
„ძალიან კარგად გრძნობენ, რომ ჩასაფრებულია და ვითომ ფარისევლური ბოდიშებით უნდა თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებებს. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასულები, იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქაოტური სიტუაცია შექმნან და იქნებ ამ ქაოსში, ამღვრეულ წყალში რაღაც გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის, სად არის სიმართლე და ზუსტად იციან, რა არის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები. ზუსტად იციან ჩუღურეთში, რომ მნიშვნელობა აქვს დიდუბის ტყე-პარკს. ზუსტად იციან დიდუბეში, რომ საბურთალოზე საგანგებო მნიშვნელობა ექნება ცენტრალურ პარკს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი აშენებს. ზუსტად იციან, რომ ეს კონკრეტული ადამიანი (და იცით თქვენ, ვისზე ვლაპარაკობ) აკეთებს იმას, რაც შეუძლია ქვეყნისთვის და მისი შვილიშვილების შვილიშვილები ვერ მიიღებენ აქედან რაიმე დივიდენტს, მოგებას, ფინანსურ მოგებას ვგულისხმობ. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის კეთდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.