„ოპოზიცია კონკრეტულ უბნებზე, თავიანთი ტელევიზიებით, ეცდება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული სურათი გააფუჭოს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ ვაფრთხილებთ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს პრევენციის მიზნით. ეს გაფრთხილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გამოჟონილი ინფორმაცია. ოპოზიციური პარტიების შიგნით არის არეულობა, ერთმანეთს დაერივნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, მაგალითად, მერაბიშვილის ჯგუფი, მელიას ჯგუფი, ახალაიას ჯგუფი. სამივე კრიმინალია, თქვენ იცით. ისინი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული და ასეთ დროს, მარტივად ჟონავს ინფორმაცია ოფისებიდან. ეს არის გამოჟონილი ინფორმაცია. ამას ისინი მასობრივად ვერ მოახერხებენ, რადგან ამის დაორგანიზებას სჭირდება შესაბამისი რესურსი. ისინი კონკრეტულ უბნებზე, თავიანთი ტელევიზიებით, ეცდებიან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული სურათის გაფუჭებას. ამას აკეთებენ ისინი ყველა არჩევნებზე. ამას ეცდებიან ახლაც, მაგრამ ბუნებრივია, ამით საარჩევნო გარემოს ჩრდილს ვერ მიაყენებენ, ვერც ძალადობრივი პროვოკაციების მოწყობით და ვერც სხვა ტიპის საარჩევნო მანიპულაციების მოწყობით. მათ უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ და ხელისუფლებისგან მიიღებენ მკაცრ პასუხს, „ქართული ოცნებისგან“ მიიღებენ მკაცრ პასუხს და რაც მთავარია, ქართველი ხალხისგან მიიღებენ მკაცრ პასუხს 31 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.