„კონკრეტულ მაგალითებზე მიდგება თუ არა საქმე, იმ წუთას უკვე ვხვდებით ან ფეიკ-ნიუსს, ან რეალურ ფაქტს, რომელზეც იყო რეაგირება. რეალურ ფაქტებში ვხვდებით სამ თუ ოთხ ქეისს, სადაც ვხედავთ, რომ ყველა მათგანი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბთან ან შტაბში და რამდენიმე შემთხვევაში, სამწუხაროდ პროვოკაციაზე წამოეგნენ ჩვენი აქტივისტები, მაგრამ ყველა მათგანთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებაა. თუ პირობითად, იყო 20 პროვოკაციული შემთხვევა, ჩვენს შტაბებთან, ჩვენი გუნდის წევრების მისამართით, ყველა მიმართულებით არის სამართლებრივი რეაგირება. ზოგი უკვე ბრალდებულია, ზოგზე გამოძიება მიდის, განურჩევლად იმისა, ეს იყო თუ არ იყო „ქართული ოცნების“ მომხრე“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცადებით, ყველა პროვოკაციულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც კი წინასარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი, არის სამართლებრივი რეაგირება.
„სხვათაშორის, ერთ-ერთი შემთხვევა მედიამ მთლიანად გაატარა რატომღაც. ერთ-ერთი უმძიმესი ფაქტი, რომელიც მოხდა მარნეული გზაზე და იქაც ყველა ადამიანი დაკავებულია, წინასწარ პატიმრობაში არიან და ბრალდებულებად არიან მიჩნეული გამოძიების მიერ. ეს ფაქტი რომ მოხდა, იყო დიდი აჟიოტაჟი და როგორც კი ეს ადამიანები დააკავეს, საერთოდ არავის კითხვაც არ დაუსვამს. იმიტომ აუარეთ ამას გვერდი, რომ სამართლებრივი რეაგირება დანაშაულს რომ მოჰყვა და ეს დანაშაული გაუხსნელი რომ არ არის და მესამე, დღესვე რამდენიმე პირი რომ არის დაკავებული ამასთან დაკავშირებით, ეს არ გაწყობდათ და არ თქვით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.