logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბათუმში გამართული აქციის შემდეგ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 17:09

 

 

„ბათუმში გამართული აქციის შემდეგ, როდესაც უკვე 200-ს ქვემოთ იყო ჩამოსული ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, დაახლოებით 6-7 დღის შემდეგ ამ აქციიდან, ეს მაჩვენებელი უკვე გაორმაგდა მაშინ, როცა უკვე იყო დასტაბილურებული“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს ან დამთხვევაა ან ასობით მოქალაქე აქციაზე დაინფიცირდა.

 

„კი ბატონო, ვივარაუდოთ, რომ ეს ან დამთხვევაა, ან ვთქვათ, რომ ასობით მოქალაქე, როდესაც შეიკრიბა პირბადის და ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე, „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს და მათთან დაკავაშირებულ ადამიანებს, დაუდასტურდათ კოვიდ-ინფექცია - ამან გამოიწვია ეს გაორმაგება. რომელია მართალი? მე ორივე ვერსიას გთავაზობთ. რომელი უფრო დამაჯერებელია, მოდით, თქვენ გადაწყვიტეთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ არჩევნებზე წასვლა კოვიდ 19-ით დაინფიცირების კუთხით, რისკებს არ შეიცავს.

 

„ერთ საკითხთან დაკავშირებით მაინც გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ კი ბატონო, ვებრძვით ერთმანეთს, მათ შორის, ისინი გვებრძვიან ბინძური მეთოდებით და ტყუილებით, გასაგებია, მაგრამ ამ საკითხის ირგვლივ მაინც გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ რეკომენდაციები რაც შეიძლება, მაქსიმალურად, დავიცვათ. დიდი მადლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ისე კარგად დაალაგა ყველაფერი, რომ საზოგადოებას ეჭვი აღარ ეპარება, რომ ის დღე ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით არის 0 რისკის შემცველობის, რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, მით უმეტეს. ამიტომ, მეც ვუერთდები პრემიერის მოწოდებას და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ წავიდნენ არჩევნებზე, წყნარად და მშვიდად, ყოველგვარი რისკები დაზღვეული და გამორიცხულია და ხმა მისცენ საქართველოს განვითარებას, საქართველოს მომავალს, უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს დინამიკას, 2024 წელს ჩვენს უფლებას და რეალურ ზრახვებს, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ და მომდევნო წლებში უკვე ევროკავშირის წევრობას, იმიტომ, რომ ეს არის მიზანი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება და ჩვენ ეს შანსები არ უნდა გამოვტოვოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner