ვარშავის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამიტის საკვანძო საკითხებზე ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც საქართველოზეა საუბარი.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
„აღმოსავლეთით, NATO გააგრძელებს თავისი პარტნიორების, უკრაინის, საქართველოსა და რესპუბლიკა მოლდოვას თავდაცვითუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას, რათა შეძლონ გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და რეფორმების გაგრძელება. ალიანსი გააძლიერებს NATO-საქართველოს არსებით პაკეტს. NATO გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და საქართველო, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.