logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ჩემი საარჩევნო კამპანია იმისკენ არის მიმართული, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვო!
- +

29 ოქტომბერი. 2020. 23:02

 

 

„ჩემი საარჩევნო კამპანია იმისკენ არის მიმართული, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვო! ამ მომენტისთვის ჩემი უპირველესი ამოცანაა, საარჩევნო კამპანია მშვიდობით დავასრულოთ და ისნის ოლქში არანაირ ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი, შემდეგ კი უკვე მაჟორიტარი დეპუტატის ვალდებულებების შესრულებას შევუდგები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთ ადამიანსაც არ გაუჩნდეს განცდა – სხვანაირი ადამიანი მეგონა და სულ სხვანაირი აღმოჩნდაო!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„ბუნებრივია, ყველას ყველაფერს ვერ გავუკეთებ, რადგან ზოგი საკითხის გადაჭრა, უბრალოდ, შეუძლებელია, მაგრამ მთავარია, ადამიანი არ მოატყუო, რაღაცას რომ დაპირდები, მერე არ დაემალო და პასუხი გასცე უარყოფითი პასუხიც პასუხია, თუ იგი დასაბუთებული და ობიექტური იქნება.

ახლა უმთავრესია, რომ ამომრჩეველი, რომელიც მხარს მიჭერს, 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მივიდეს, როგორც წესი, საქართველოში სახელისუფლო კანდიდატის ამომრჩევლები ფიქრობენ – ისედაც მოიგებს და არჩევნებზე რისთვისღა წავიდეო, მაგრამ ჩვენ ის ხელისუფლება არ ვართ, რომელსაც არჩევნების შედეგები წინასწარ გვაქვს დაწერილი! ამიტომაც, თითოეულ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ მხარი უნდა დაგვიჭიროს, ვთხოვ, არჩევნების დღეს სახლში არ დარჩეს!“, - განაცხადა კახიშვილმა.

 

კითხვაზე - შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“ არჩევნების ისე მოგება, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს, კახიშვილი ასე პასუხობს:

 

„„ქართული ოცნება“ არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს! პირადად მე მიმაჩნია, რომ კოალიციურ მთავრობას ქვეყნისთვის სტაგნაცია მოაქვს და საქართველოს არაფერში სჭირდება ისეთი მინისტრთა კაბინეტი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მინისტრები ქვეყნისთვის სიკეთის მოტანაზე კი არ იქნებიან ორიენტირებული, არამედ იმაზე, თუ როგორ დააზიანონ ერთმანეთი და ვიწრო პარტიული სარგებელი მიიღონ.

დღევანდელი გადასახედიდან, ნამდვილად გვაქვს რესურსი, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან კოალიცია არ დასჭირდეს და მთავრობა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს!

მთავარია, ჩვენმა ამომრჩეველმა არჩევნებზე წასვლა არ დაიზაროს და 31 ოქტომბერს აუცილებლად მოიხადოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. თითოეული ადამიანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველას გთხოვთ, ერთი დღე როგორმე გაიჭირვოთ. დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია!“, - აცხადებს კახიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner