logo_geo
eng_logo
NEWEUROPE: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო დღესაც ნათელი წერტილია
- +

30 ოქტომბერი. 2020. 10:59

 

 

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო დღესაც ნათელი წერტილია“, - ამ სათაურით სტატია NEWEUROPE-მა გამოაქვეყნა.

 

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული მედიის და პოლიტიკური წრეების ყურადღების ძირითადად მიპყრობილია მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტზე, რაც სრულიად გასაგებია, გამომდინარე რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებიდან. აშშ, ევროკავშირის და სხვანი სამართლიანად მოუწოდებენ მშვიდობისკენ.

 

უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მოლაპარაკებების შედეგად ცეცხლი შეწყდება და გაიმართება კონსტრუქციული სამშვიდობო დიალოგი. საქართველომ, რომელიც კონფლიქტში მონაწილე ორივე ქვეყანას ესაზღვრება და განიხილება, როგორც ნეიტრალური არბიტრი, გამოთქვა შუამავლობის მზადყოფნა გამოსავლის პოვნის პროცესში, უფრო მსხვილ საერთაშორისო მხარეებთან თანამშრომლობით.

 

საქართველოს მაგალითი შეგვახსენებს, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობის მოკლევადიანი იმპერატივი არ არის ევროკავშირის ერთადერთი პრიორიტეტი ჩვენს მეზობელ შავი ზღვის რეგიონში. მშვიდობის ბუნებრივი პარტნიორი გახლავთ დემოკრატია, როგორც ამას ბოლო 75 წლის განმავლობაში ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს. 31 ოქტომბერი საქართველოს 3.7 მილიონი მოქალაქისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში და კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ქვეყანა მართლაც იმსახურებს რეგიონში დასავლეთის მთავარი მოკავშირის სახელს.

 

ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც საკვანძო ნიშანსვეტს საქართველოს გზაზე ევროკავშირის წევრობისკენ. წლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ მმართველმა ხელისუფლებამ გაატარა საარჩევნო რეფორმა, რის შედეგადაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე.

 

ამ რეფორმას რეკომენდაცია გაუწიეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისე ევროკომისიამ: მთავრობის მიერ მისი შეთავაზებისთანავე რეფორმას აქტიურად, ხმამაღლა უჭერდნენ მხარს როგორც წამყვანი ქვეყნები, ისე მთავრობები ბერლინში, პარიზში, ლონდონში და ა.შ.

 

უცნაურია, მაგრამ ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტიებმა ყოფილი პრეზიდენტის, ინდივიდუალისტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხმა მისცეს ამ რეფორმის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ აშშ და ევროკავშირი. საბედნიეროდ, მმართველმა პარტიამ მოაგროვა საკმარისი რაოდენობის ხმები რეფორმის დასამტკიცებლად, რასაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში.

 

ლიდერი ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელშიც ისინი მიესალმებიან ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას, ვკითხულობთ: „ეს არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში... ჩვენ ვულოცავთ ამ ზოგჯერ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს, რომლებმაც ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენეს“.

 

შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაზე სამართლიანი და ინკლუზიური საქართველოს ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ აიძულა ევროკავშირი და სხვანი, გაეუქმებინათ დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიები. ის, რომ ახალი პროპორციული სისტემა ევროპარლამენტის საარჩევნო სისტემის მსგავსია, არ არის შემთხვევითი“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner