„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გენადი არველაძესთან ერთად შეხვდა.
„ჩვენ გვესმის თქვენი სურვილი, იცხოვროთ მოწესრიგებულ და ჯანსაღ გარემოში. ჩვენი სურვილიც ეგაა. ამიტომ ყოველთვის თანმიმდევრულად ხდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგება. უახლოეს მომავალში დაიწყება გზის საფარის გაუმჯობესება, მომავალი წლიდან დაიწყება მთელ ქალაქში საკანალიზაციო სისტემის გამოცვლის მრავალმილიონიანი პროექტი“, - მიმართა ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
„უკვე მოახლოვდა არჩევნების დღე და ჩვენც შემაჯამებელი შეხვედრები გვაქვს ქუთაისის მოსახლეობასთან. ვინაიდან სწორედ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა არჩევნებზე მისვლა და სწორი არჩევანის გაკეთება. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ მათ, რა პრიორიტეტი გააჩნია „ქართულ ოცნებას“, რა არის გაკეთებული ამ წლების განმავლობაში, რომელი პროექტებია უკვე დაწყებული და რომელი უახლოეს მომავალში დაგეგმილი.
ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მოდის საუკეთესო გეგმებით. ჩვენ გვსურს ქუთაისის განვითარება, ინფრასტრუქტურული სრულყოფა, კულტურის, განათლების, ხელოვნების, სპორტისა და ტურიზმი ხელშეწყობა, ბიზნესის წახალისება. სამუშაო ადგილების შექმნა, მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა საკუთარი ქალაქის მშენებლობის პროცესში. ჩვენ გვსურს 21-ე საუკუნის ევროპული, გამართული ქალაქი“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.