logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკა იმაზე გაცილებით სწრაფად გამოდის რეცესიიდან, ვიდრე წლის პირველი ნახევრის პროგნოზი იყო!
- +

30 ოქტომბერი. 2020. 12:46

 

 

„სექტემბერში ეკონომიკა ფაქტიურად ზრდის ტრენდზეა გასული“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ  ქვეყნის ეკონომიკა იმაზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ.

 

„ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციები სექტემბერში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. თუ აგვისტოში კლებამ-5.3 % შეადგინა, სექტემბერში წინასწარი შეაფასებით 1 %-იან ზღვარსაც კი ჩამოცდა და -0.7 % შეადგინა რაც ნიშნავს, რომ სექტემბერში ეკონომიკა ფაქტიურად ზრდის ტრენდზეა უკვე გასული, ხოლო  რეცესია გარდამტეხ ნიშნულზე. მნიშვნელოვნად არის შემცირებული საშუალო წლიური კლების მაჩვენებელიც, იანვარ-აგვისტოს 5.6 პროცენტთან შედარებითაც და 5 %-ს შეადგენს.

 

როგორც ვხედავთ, საქართველოს ეკონომიკა იმაზე გაცილებით სწრაფად გამოდის რეცესიიდან, ვიდრე წლის პირველი ნახევრის პროგნოზი იყო! 

 

რეცესიული ეკონომიკიდან სწრაფი გამოსვლა, პირველ რიგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რაც მოთხოვნის სტიმულირებასთან ერთად, არის პოსკრიზისული პერიოდის მთავარი ამოცანაც. მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებებიც მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ინდუსტრიული მიმართულებით ამ კონტექსტშია სწორედ მნიშვნელოვანი, ისევე როგორც განხორციელებული და მიმდინარე სხვადასხვა სოციალური მხარდაჭერის პაკეტები, რომლებიც მიმართულია კრიზისისი შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერაზე. 

 

სექტემბერში ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი კონტრიბუციიდან  საგარეო ვაჭრობის და ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციებიც უნდა გამოიყოს. 2020 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 8.6 პროცენტით გაიზარდა, რაც მთავარია გვაქვს ადგილობრივი ექსპორტის განსაკუთრებით მაღალი 27.0 პროცენტიანი ზრდა.

 

სექტემბრის სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა პოლიტიკამ, რაც მთვარია  მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას, მიუხედავად   გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, საერთაშორისო ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემებისა.

 

ამასთან, ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია, მთლიანდ თავსებადია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზისა, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და ჩვენს რეგიონში  ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება უკვე მომავალი წლიდან, ხოლო 2021-2025 წლებში,  საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება და შესაბამისად, შედარებით სწრაფად გამოვა რეცესიიდანაც“, - წერს ცუცირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner