კიევში, მედიაჯგუფ „Golos“-ს პრესკლუბში ადგილობრივმა ჟურნალისტებმა, კერძოდ, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს დირექტორმა ოლეგ დეინეკამ და მთავარმა პროდიუსერმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც მთლიანად შეეხებოდა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს, სოციოლოგიურ კვლევებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილს როლს.
ჟურნალისტებმა თავდაპირველად ისაუბრეს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ახალ სტატუსზე, რომელიც რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანლობას გულისხმობს და რომ მისი დანიშვნის შემდეგ ამ მიმართულებით ქვეყანაში, პრინციპში, არაფერი შეცვლილა.
როგორც აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების საბჭო სახელმწიფო სტატუსს არ ატარებს, ის, პრაქტიკულად, საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს მაღალი დაფინანსება, რადგან უკრაინაში ყველაზე ძვირადღირებულ ოფისს ქირაობს. ასევე, ოფისში დასაქმებული 50 ადამიანის ავტოპარკი დიდ ფინანსურ დანახარჯს გულისხმობს.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ უკრაინაში სააკაშვილის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით უკვე ბევრი კითხვაა გაჩენილი.
„უკრაინაში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც მმართველმა გუნდმა ბევრ ოლქში გამარჯვება ვერ მოიპოვა, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში რეფორმები არ ტარდება და ეს ხდება მისი შესაბამისი საბჭოს ხელმძღვანლის, მიხეილ სააკაშვილის გამო. საგადასახადო, საბაჟო და სხვა სფეროებში რეფორმების არარსებობა ხელისუფლების გაკრიტიკების მთავარი იარაღი იყო.
მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი კვლავ ინარჩუნებს რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანლის თანამდებობას. ამასთან, სტატუსი ამ დრომდე არ არის სახელმწიფო მოხელის სტატუსი, ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ მრჩეველი, ის პასუხს არ აგებს საკუთარ სიტყვებზე. მეტიც, ოფისი, რომელიც ამჟამად თითქოსდა რეფორმებით არის დაკავებული, ატარებს „უბრალო გადაწყვეტილებების ოფისის“ სახელს და არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებულ ოფისს ქირაობს – იანუკოვიჩის ვერტმფრენის ასაფრენი ყოფილი მოედანია, რომელიც არის ყველაზე ძვირადღირებული ოფისი. მეტიც, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთა რაოდენობა 50-ს შეადგენს და ძალიან დიდი თანხები იხარჯება მათ ავტოპარკზე. ამ დრომდე არ არსებობს არანაირი მონაცემი ან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი.
ამიტომ, სააკაშვილის მიმართ ბევრი კითხვა რჩება უკრაინაში მისი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ასევე, იმ უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს რეფორმების სფეროში.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილმა ყაზახელ ბიზნესმენთან, ტიმურ სიინსიბაევთან გადაღებული ფოტო გაავრცელა. ეს ბიზნესმენი ამბობს, რომ სააკაშვილს პროექტების განხორციელებაში დაეხმარება არა მხოლოდ უკრაინაში, არა მხოლოდ ყაზახეთში, არამედ – პოსტსაბჭოთა სივრცის დანარჩენ ქვეყნებში, რომლებიც მიმართული იქნება მოქმედი მთავრობების დამხობისა და ვითარების დესტაბილიზაციისკენ, მათ შორის, მასობრივი არეულობისა და შეიარაღებულ კონფლიქტისკენ”, – თქვა დეინეკამ.