„დღეს დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან, თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში, მე მაქვს კადრები ნანახი, სადაც ამომრჩეველზე 20-20 ლარის დარიგება მიმდინარეობს, არსებობს ამის ვიდეომტკიცებულება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ განსაკუთრებით კი სამართალდამცველმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაპყრონ ნებისმიერ დარღვევას.
„ვეთანხმები ყველას, ვინც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებსა და მით უმეტეს ევროკავშირის ელჩს, რომ ყველამ, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებმა, სამართალდამცველმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაპყრონ ნებისმიერ დარღვევას.
თუ რომელიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რაიმე სახის დარღვევაზე მიუთითებს, ძალიან ვთხოვ ყველას, რომ მიუთითოს კონკრეტული ფაქტი. როცა ადგილობრივი ორგანიზაციები საუბრობენ იმაზე, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას, ამას, რომ ოდნავ მაინც სისტემური ხასიათი ჰქონდეს, ხომ შეიძლება, რომ 1 ფაქტი მაინც გვანახონ. თუ 1 ფაქტიც არ არის წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ არის ტყუილი და სამწუხაროდ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაც ამბობს ტყუილს.
დღეს დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან, თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში მე მაქვს კადრები ნანახი, სადაც ამომრჩეველზე 20-20 ლარის დარიგება მიმდინარეობს, არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება და მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.