დღეს კასპში ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულების და გახსნის ცერემონია გაიმართა. კასპს განათლების ორი კერა შეემატა - პროფესიული კოლეჯი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი.
გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენლები. მათ კასპელ ახალგაზრდებს მიულოცეს და მოუწოდეს, შეისწავლონ პროფესიები, მეტად განვითარდნენ და შეიქმნან მომავალი.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ერთად კასპში და ზოგადად შიდა ქართლში ისტორიული პროექტები განვახორციელეთ. დღეს კასპში ტექნოპარკი და პროფესიული კოლეჯი გავხსენით. რეგიონის ახალგაზრდებს და ზოგადად მოქალაქეებს ექნებათ თავისუფალი სივრცე, რომ თავისი ნიჭი და იდეები რეალობად აქციონ და რაც მთავარია, თავისი შესაძლებლობები რეგიონის განვითარებას მოახმარონ“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა, რომლის ძალისხმევის შედეგია დღევანდელი წარმატება.
აღნიშნული კოლეჯი საშუალებას მისცემს არა მარტო კასპელ, არამედ საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას, განვითარდეს პროფესიულად.
პროფესიული სასწავლებლის მისიას წარმოადგენს თითოეული სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი, სრულფასოვანი და ხარისხიანი სწავლებით უზრუნველყოფა. ეს ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, მათ დასაქმებას და თვითრეალიზაციას.
ტექნოპარკი წარმოადგენს ფიზიკურ სივრცეს, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და მიზნად ისახავს ემსახუროს საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. ასევე რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს მხარდაჭერით, ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები.