აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ აბაშაში, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტი ითვალისწინებს ახალი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო კომპლექსის შექმნას. გათვალისწინებულია კონსტანტინე გამსახურდიას სახლის რეკონსტრუქცია. XIX საუკუნის ეთნოგრაფიული გარემოს აღდგენა (შესაბამისი ინტერიერის მეგრული კარ-მიდამო) და მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების წარმოჩენა, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ქვეყნის ისტორიაში მისი წვლილის ჩვენებით, განსაკუთრებით კი, დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას როლის წარმოჩენით.
სამუზეუმო კომპლექსი რამდენიმე ზონის მოწყობას ითვალისწინებს. მათგან პირველი ვიზიტორთა მიღების, საინფორმაციო, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა იქნება.
საზოგადოებრივ-კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებულ სცენასა და კულისებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ეს იქნება ადგილი, სადაც სპექტაკლები, კონცერტები, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებები ჩატარდება.