ავტორი ალა გრიგალაშვილი
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებას 2016 წლის შემოდგომიდან მოითხოვს და შესაბამისი წინადადებით, საქართველოს პარლამენტს მიმართავს.
ორგანიზაციის იურისტის მარიამ ფირცხალაიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშიც ცხადყოფს იმ რეალობას, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დროულად გადაჭრას და საკანონმდებლო დონეზე დაარეგულიროს მოსახლეობის წინაშე გარემოს დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები. მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალებების მიერ ჰაერის დაბინძურების საგანგაშო ვითარება დიდი ხანია, კრიტიკულ ზღვარს გაცდა.
„კვლევები მიუთითებს, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს. საქართველო ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის მაჩვენებლით, პირველ ადგილს იკავებს. შესაბამისად, მთავრობამ სატრანსპორტო პოლიტიკა და რეგულაციები უნდა გაამკაცროს, რადგანაც ქვეყანაში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი წილი დღეს სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. ტოქსიკური ნივთიერებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, პრობლემის გადაჭრა კი ერთიანად პასუხობს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის, ასევე გარემოს დაცვის პრინციპებს", - განაცხადა ადვოკატმა „რეპორტიორის" პრესკლუბში.
ორგანიზაციის შეფასებით, მართალია, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვალდებულება 2017 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, თუმცა 2016 წლის 8 ოქტომბრის შედეგად არჩეული ახალი მოწვევის პარლამენტი აღნიშნულ საკითხს უნდა დაუბრუნდეს და იმსჯელოს საკითხზე, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ამოქმედება რამდენად შესაძლებელია 2016 წლის შემოდგომიდან.
ორგანიზაცია, ამ მიმართულებით, იმ პოლიტიკური პარტიების პოზიციებითაც ინტერესდება, რომლებსაც სურთ საკანონმდებლო ხელისუფლებაში ხალხის მხარდაჭერა. „მნიშვნელოვანია, საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა საარჩევნო წინადადება და გეგმა გააჩნია გარემოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებებით დაბინძურებული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების საქართველოს მხრიდან აღებული მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. შესაბამისად, ვიზა-ლიბერალიზაციის შემდგომ პროცესში, აღებული ვალდებულების დროული შესრულება, მაღალი საჯარო ინტერესია".
„ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, საჭიროა, რიგი პრევენციული ღონისძიების დროული გატარება. შესაძლოა, გარემოს დაბინძურების მხრივ მსგავსმა საგანგაშო მდგომარებამ უარყოფითი ზეგვალენა მოახდინოს საქართველოზე, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაზე, თუკი არ მოხდება აღნიშნული პრობლემის დროული პრევენცია, საქართველო, როგორც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით, პოტენციურად ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ქვეყანა, აღარ იქნება ტურისტულად მიმზიდველი. ტურისტების რაოდენობის თუნდაც მცირე პროცენტული კლებაც, უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე განვითარებაზეც.
საწვავის ხარისხისა და მისი ნორმების მარეგულირებელი ნორმების გამკაცრების მიუხედავად, რომლებიც 2012 წლიდან მოქმედებს, საავტომობილო ბენზინსა და დიზელში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გოგირდის მასური წილი 25-30-ჯერ აღემატება ევროკავშირის სტანდარებით დადგენილ ნორმებს. ამასთან, ტექნიკური კონტროლის არარსებობის გამო, გაუმართავია ავტომობილების უმეტესობაც. შესაბამისად, ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას და მოითხოვს: