„პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ და საერთაშორისო სტანდარტებს შესაბამისად. ჩვენ ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო შემთხვევები, როდესაც საქმე ხელისუფლების მომხრეებთან მიმართებაში აღიძრა და შესაბამისად, ორმაგ სტანდარტს არ უკავშირდება შსს-ს მხრიდან ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხებოდა, შესწავლის დაწყება.
მისივე თქმით, დღევანდელი არჩევნები ჩვენი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
„ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს, ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები, ისევე როგორც ყველა წინა არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული, შესაბამისობა იყოს ეუთოს დემოკრატიულ პრინციპებთან და სტანდარტებთან. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“,- აღნიშნა ზალკალიანმა.
მან ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის და სალონიკის გარდა საარჩევნო უბნები ყველგან გაიხსნა. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, მინისტრის განცხადებით, პანდემიის პირობებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობაა უზრუნველყოფილი.
„38 ქვეყანაში 52 უბანია გახსნილი. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანას პანდემიასთან დაკავშირებით აქვს შესაბამისი პრობლემები, რეგულაციები, ზოგგან სრული კარანტინია, ჩვენ ბუნებრივია თითოეული ქვეყნის წესებს და პროტოკოლებს ვემორჩილებით. ორი ქვეყნიდან გვაქვს შეტყობინება ოფიციალურად, აზერბაიჯანიდან და სალონიკიდან. სალონიკში სრული ლოკდაუნია, წითელ ზონადაა გამოცხადებული, ამიტომ არ მოგვცეს ნებართვა, რომ გახსნილიყო საარჩევნო უბანი, ათენში საარჩევნო უბანი ჩვეულებრივად გაიხსნება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, საომარი მოქმედებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა არ იქნება გაიხსნას უბანი. სხვაგან ყველგან უზრუნველყოფილია მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
რაც შეეხება დამკვირვებლებს, აპრილიდან დავიწყეთ არჩევნებისთვის მზადება, ყველა ორგანიზაციაში, ქვეყნებში გაგზავნილი იყო მოსაწვევები. ეუთო/ოდირი უკვე ადგილზეა. 48 საერთაშორისო ორგანიზაციის, 900-მდე დამკვირვებელია დარეგისტრირებული, რაც პანდემიის პირობებში უპრეცედენტო რაოდენობაა. ქვეყანამ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათ უსაფრთხო გარემო შეჰქმნოდათ. მაღალი შეფასება გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებისგან, თუ როგორ უზრუნველყო ქვეყანამ მათი მიღება“,- განაცხადა ზალკალიანმა.