logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: წინაასარჩევნო კვლევებს ყავლი გაუვიდა
- +

30 ივნისი. 2016. 15:14



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, წინაასარჩევნო კვლევებს „ყავლი გაუვიდა".


როგორც დეპუტატმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების" დაკვეთით საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევა პარტიისთვის შიდა მოხმარებისაა, რომლის გამოქვეყნებას არც აპირებდნენ.


„მართლა ყავლი გაუვიდა ამ კვლევებს ჩვენი საზოგადოებისთვის. უკვე ყოველგვარი კვლევის მიმართ საზოგადოების მხრიდან არის აბსოლუტური უნდობლობა, ამიტომ არც ჩვენ ვაპირებდით შედეგების გასაჯაროებას და ფაქტობრივად, არც მომხდარა გასაჯაროება. აქ მხოლოდ ის ითქვა, რომ მითია იმაზე საუბარი, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა" ფეხდაფეხ მისდევს „ქართულ ოცნებას" და რომ ის აუცილებლად გაუსწრებს. ეს მითი რომ დარღვეულიყო, ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენს პარტიას აქვს „ამდენი" რეიტინგი, მათ აქვთ „ამდენამდე" და ეს არის რეალური. როდესაც შიდა მოხმარებისთვის აკეთებ, შენს თავს რატომ მოატყუებ? - ეს გჭირდება შენთვის, არა გამოსაქვეყნებლად, ვერც გაბერავ, ვერც დააკლებ. ეს გინდა სამუშაოდ. თუმცა, ვამბობთ, რომ ეს არ არის უკანასკნელი ჭეშმარიტება. მხოლოდ ამაზე დაყრდნობითაც ვერ გამოიტან დასკვნებს. პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ჯერ აქტიური საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია. იმედი გვაქვს, რომ ეს 35% ორ თვეში გახდება გაცილებით მეტი და დარწმუნებულიც ვართ ამაში", - განაცხადა ქანთარიამ.


მიუხედავად „კვლევებით აჭრელებული სიტუაციისა", დეპუტატის აზრით, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი ხმა არ დაიკარგება და ამის არგუმენტად კორცხელში „ქართული ოცნების" „ნაციონალურ მოძრაობასთან" 12 ხმით დამარცხება დაასახელა.


„ყოველგვარი კველევების მიმართ მე პირადად არ მაქვს დიდი რწმენა. ისეთი აჭრელებული სიტუაციაა ამ კვლევებით საქართველოში, ადამიანები ისე უნდათ დააბნიონ, რომ უკვე აღარ იცი, ვის ენდო კაცი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალია, არ შეყვე ამ პროცესს. მთავარი კვლევა იქნება არჩევნები", - განაცხადა პარლამენტარმა.


ქანთარიამ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების არანაირი სურვილი არ აქვს.


„არავითარი გაყალბების სურვილი ჩვენს ხელისუფელებას არ აქვს - 12 ხმა არ გავაყალბეთ კორცხელში, როცა შეგვეძლო და „ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა. ჩვენ ეს არ ვიკადრეთ, ამიტომ ამომრჩეველი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი ხმა არ დაიკარგება", - განაცხადა ქანთარიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner