გლდანში, საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების გამო, პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.
„პირველადი ინფორმაციით, შსს-მ დააკავა 5 ადამიანი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, თითოეულ ინციდენტზე მოვახდენთ რეაგირებას და გავავრცელებთ დაზუსტებულ ინფორმაციას. სროლის ფაქტს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ. რაც შეეხება უბანზე იარაღით ყოფნის ფაქტს, ამის შემთხვევაში სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას. პოლიცია იმოქმედებს ყველა სამართალდარღვევის შემთხვევაში.შსს-ს წარმომადგენლები სწორედ იმისთვის იმყოფებიან უბნებთან, რომ ყველა ინციდენტზე მოახდინონ რეაგირება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ხმაური იყო გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.