logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის
- +

31 ოქტომბერი. 2020. 17:55

„ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, გვინდა, მოვუწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ, რათა იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებაა. ამ გეგმის შესახებ ჩვენ გვქონდა მათი ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რაც დადასტურდა კიდეც. დღეს ამ შტაბის წევრები პისტოლეტებით შეიარაღებულები დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იყო ჩამოყალიბებული. ჩვენ გავაფრთხილეთ საზოგადოება, მედია და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების 16:00 საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ ყველა იმის შესახებ, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე მუნიციპალიტეტი და რაიონი – მათ შორის ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით, მათი ზონდერების კონცენტრაცია და პროვოკაციები ძირითადად სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კალაძე გლდანში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა ირაკლი ეძგვერაძემ, მეტსახელად „ჭყიპინამ“, მძიმე პროვოკაცია მოაწყო.

 

„ყველას შევახსენებ, რომ არჩევნები ერთი დღე გრძელდება. დღეს საღამოს დაფიქსირდება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შთამბეჭდავი გამარჯვება და ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოებით 100 მანდატს საქართველოს პარლამენტში. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის აქტივობა და მხარდაჭერა, რაც დღეს ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ გეგმებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ, რათა იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner