„ჩვენ გავაფრთხილეთ საზოგადოება, მედია და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღეს 4 საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფიგნზე განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებების შესახებ ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია ჰქონდათ, რაც დადასტურდა კიდეც.
„დღეს ამ შტაბის წევრები პისტოლეტებით შეიარაღებულები დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იყო ჩამოყალიბებული. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა იმის შესახებ, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე მუნიციპალიტეტი და რაიონი - მათ შორის: ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით, მათი ზონდერების კონცენტრაცია და პროვოკაციები ძირითადად სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება. ზემოხსენებული გეგმის შესაბამისად, ინციდენტი დაფიქსირდა გლდანში, სადაც ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მეტსახელად „ჭყიპინამ“ , მისი სახელი და გვარი, თუ არ ვცდები ირაკლი ეძგვერაძეა, მძიმე პროვოკაცია მოაწყო. ყველას შევახსენებ, რომ არჩევნები ერთი დღე გრძელდება. დღეს საღამოს დაფიქსირდება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შთამბეჭდავი გამარჯვება და ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოებით 100 მანდატს საქართველოს პარლამენტში. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის აქტივობა და მხარდაჭერა, რაც დღეს ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ გეგმებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე.
ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღებისკენ, რათა იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.