„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება და ხელისუფლებას მიმართავს:
„სავალალოა, თუ „ოცნებას" 35% აქვს. ეს ნიშნავს, რომ 65% ხელისუფლების წინააღმდეგია. ყოველივე სააკაშვილის მზაკვრულ გეგმას ე.წ.თბილისური მაიდნის შესახებ, ახალ ბიძგს მისცემს. „ოცნების" 35% პლუს ნაცების 12% უდრის 47%. დანარჩენი 52%-ის უმრავლესობა ანუ მოსახლეობის უმრავლესობა გახლავთ ის ხალხი, რომლებიც ეროვნულად აზროვნებენ, მაგრამ საყოველთაო ნიჰილიზმში არიან.
ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ უმოქმედო, ნიჰილისტურად განწყობილი და პესიმიზმში ჩავარდნილი უმრავლესობა ნაცებს აწყობთ და არა მათ, რადგან არეულობის შემთხვევაში, უმრავლესობა სახლში დაჯდება და ამით რევანშისტებს შანსი მიეცემათ.
იმისათვის, რომ არ განხორციელდეს სააკაშვილის რევანში, საჭიროა ეროვნული ძალების გაერთიანება და ნიჰილისტურად განწყობილი ჩვენი თანამემამულეების დარაზმვა, ერთ მუშტად შეკვრა.
მივმართავ ჩემს მეგობრებს ხელისუფლებაში - ჩემო ძმებო, იცით, რომ თქვენი მოყვარის პოზიციიდან გესაუბრებით! გამოფხიზლდით, ნუ აიმედებთ ერთმანეთს ფუჭი ილუზიებით, ნუ ხართ მოდუნებულები, მიაწოდეთ ერთმანეთს რეალური ინფორმაცია და არა ის, რაც გსიამოვნებთ. მტერი ვერაგია, სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი, ამ ბრძოლაში ერთგული და უშიშარი ხალხია საჭირო და არა ის კონფორმისტ-პორტირებულები, რომლებიც პირველსავე ბრძოლაში უკანმოუხედავად გაიქცევიან ან მტრის მხარეზე გადავლენ", - წერს ბრეგაძე.