„ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი მომხრეების ძალიან დიდი რაოდენობა მივიდა საარჩევნო ყუთთან და მინდა შევუერთდე მადლობების სერიას, რომელიც ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს. მადლობა ყველა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, რომელმაც საკუთარი არჩევანი გააკეთა და და აკეთებს იმისთვის, რომ რადიკალური ძალები არ შეეცადონ და ქვეყანას არ დაუპირისპირონ არეულობის მცდელობები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი გუნდი სახელით მინდა მივმართო საერთაშორისო დამკვირვებლებს და ყველა საელჩოს და ვუთხრა მათ - ყველამ ვნახეთ რადიკალური დესტრუქციული ოპოზიცია რომ ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს, მაშინ როდესაც კანდიდატები რომელთაგან ზოგიერთი არის ასევე თავისი არჩევნების დამკვირვებელი, დადიან საარჩევნო უბნებზე იარაღით და ცდილობენ დააშინონ ამომრჩეველი, ეს არის მიუღებელი და ეს ყველამ ერთად უნდა დავგმოთ. ამიტომ ამ ფაქტებზე ყურადღებას მივაპყრობთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ვხედავთ რომ პოლიცია მუშაობს და არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ დაუშვებს იმას, რომ რამე ტიპის დესტრუქციული მცდელობა იყოს რაიმე ტიპის შედეგის მომტანი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული. სავარაუდოდ, ფოტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ შაშკინი აქტივისტებთან ერთად იმყოფება და შეიარაღებულია.