შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს არჩევნების დღეს უწყების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე მიაწოდა ინფორმაცია. კახა საბანაძის თქმით, ჯამში გამოძიება 9 ინციდენტზეა დაწყებული.
„ჯამში, არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზეა დაწყებული გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი პროცესი და საგამოძიებო მოქმედებები. დღეს პოლიციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე 15 ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული და ჯამში დაკავებულია 10 პირი. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - განაცხადა საბანაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნების ტერიტორიებზე სამართალდამცველების სპეციალური დანაყოფები მოძრაობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან მათი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა, არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.სწორედ ამ მიზნით საპოლიციო ძალები გადანაწილებული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს არჩევნების პროცესში უსაფრთხოების დაცვა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების უზრუნველყოფა. ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.