ამ რამდენიმე დღის წინათ „რუსთავი-2"-ის გენერალურმა პროკურორმა და მიხეილ სააკაშვილის კაკოია თაბაგარმა ნიკა გვარამიამ თავისი მიკროფონიანი სპირიდონა სულანჯიები თუ ასინეთები შეკრიბა, სხვებსაც დაუძახა და ხელისუფლების გასაგონად მორიგი „რეჩი" დაჰკრა:
„თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება დარბევის შედეგად, თქვენ მიიღეთ ამ სახეებს და ამას ნახავს საქართველოს მოსახლეობა პირდაპირ ეთერში, მაგრამ ჩვენ აქედან არ გავალთ! მოგიწევთ ამ სახეების ყურება! მოგიწევთ „რუსთავი-2"-თან ერთად ამ სახეების ყურება და, როგორც ჩანს, არჩევნების წაგება! ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ „რუსთავი-2" საარჩევნოდ ეთერში არ იყოს. ეს მაფიქრებინებს, რომ ზუსტად იცით, თუ „რუსთავი-2" ოქტომბრამდე იქნება ეთერში, თქვენი არჩევნების ბედი გადაწყვეტილია. მე მინდა წავიკითხო ერთადერთი წინადადება ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან! „ვინაიდან აუცილებელია, ადამიანის უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს, მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, მე მოგიწოდებთ, დაგვიტოვოთ ჩვენი უფლებების დაცვის კანონისმიერი დაცვის მექანიზმები, რომელიც ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო აქტებით აღიარებულ ჩვენთვის მონიჭებულ ყველა უფლებას, რათა დავამარცხოთ ტირანია!"
ერთი სიტყვით, პატივცემული ანზორ გვარამიას ბიჭმა და გვამებით მოვაჭრე ვანო მერაბიშვილის ხელისბიჭმა ნიკამ დიდი ხნის სურვილი და ოცნება, როგორც იქნა, კვნესა-კვნესით გაგვიმჟღავნა - თქვე „საზიზღრებო", ავჯანყდებითო!
ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, ნებსით თუ უნებლიეთ, ბევრი აჯანყებული მინახავს და გვარამიასა და მისთანების გასაგონად ხმამაღლა ვიტყვი - ვერცერთი ბუნტისთავი გამარჯვებული, ბედნიერი და გალაღებული ვერ ვნახე! ზოგმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ზოგი ბანდიტურ გარჩევებს ემსხვერპლა, ზოგი სამუდამოდ დახეიბრდა, ზოგი ნარკოტიკების მონა გახდა, ხოლო ზოგის ცოდვილი სისხლი იმ ფულს გადაესხა, რომელიც აჯანყებაში მონაწილეობის საფასურად გადაუხადეს და ზანდუკში დამალა...
აბა, გაიხსენეთ - გვარამია, სააკაშვილი, ბოკერია, გაბაშვილი, თარგამაძე და წიკლაური ხალხისათვის თქვენი დასისხლიანებული სახეების კი არა, მოკლული დედის ცხედრის ჩვენებას გეგმავდით! აკი შეგიკვეთათ კიდეც სააკაშვილმა ამ რამდენიმე თვის წინათ სატელეფონო საუბარში - ახალგაზრდა დედის გვამი გვჭირდება „რუსთავი-2"-ის ეზოში გაშლილ კარვებთან, რათა ხალხი ძალიან აღშფოთდესო!
მოკლედ, ვანო მერაბიშვილი ორი გვამით ვაჭრობდა, სააკაშვილი დედის გვამს ითხოვდა! სულ სისხლითა და ცხედრებით მოდიხართ და ისევ სისხლსა და ცხედრებზე ოცნებობთ!
არადა, გვარამია უდღეურო, შენი და გიორგი გაბუნიას გასისხლიანებული სიფათების დანახვა ვის რა ჯანდაბად უნდა? ხომ დაიზაფრნენ ბავშვები და ხომ გაუშრათ რძე ძროხებს?
ბიზანტიის იმპერიას ახსოვს ნიკას აჯანყება, რომელმაც 532 წლის იანვარში კონსტანტინოპოლში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი იმპერატორის იუსტინიანე დიდის (527-565 წ.წ.) მმართველობის დროს იფეთქა. აჯანყებულები ერთმანეთის ამოსაცნობად გაიძახოდნენ ბერძნულ სიტყვას - „Nika!", რაც „გაიმარჯვეს" ნიშნავს. სწორედ აქედან შემორჩა ამ აჯანყებას ეს სახელი და მსოფლიო ისტორიაში „ნიკას აჯანყება" გამორჩეულად სისხლიანი და საშინელი დრამაა, რომელსაც მაშინდელი პლანეტის ულამაზესი და უდიდესი ქალაქი კონსტანტინოპოლი და დაახლოებით 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
არ შევუდგები იმის დეტალურ აღწერას, თუ რა მოხდა მაშინ კონსტანტინოპოლის იპოდრომზე, სადაც აჯანყებულები იყვნენ შეკრებილი... გეტყვით მხოლოდ იმას, რომ იუსტინიანე დიდი, რომელიც, ფაქტობრივად, დედაქალაქიდან წასვლასა და ხელისუფლების დატოვებას აპირებდა, მისმა უჭკვიანესმა და ენერგიულმა მეუღლემ, დედოფალმა თეოდორამ იხსნა. სწორედ, უმშვენიერესმა თეოდორამ, რომელიც ოდესღაც კონსტანტინოპოლის ცირკის მსახიობი იყო, უბრძანა სარდალ ველიზარს, კიდევ ერთხელ ეცადა აჯანყებულთა დამარცხება. უკანასკნელმა მცდელობამ გაამართლა, იუსტინიანე დიდი გადარჩა და მის ხელში ბიზანტიის იმპერიამ თავისი დიდების მწვერვალს მიაღწია!
სამაგიეროდ, ვერ გადარჩა კონსტანტინოპოლის იპოდრომზე შეკრებილი ის 50 ათასზე მეტი აჯანყებული, რომლებიც თითქმის ერთიანად გაჟუჟეს!
ბიზანტიაში „ნიკას აჯანყება" მოხდა, რადგან იმპერატორს, მინიმუმ, 50 ათასი კაცი მაინც დაუპირისპირდა!
საქართველოში ნიკას აჯანყება ვერ მოხდება, რადგან ნიკა გვარამია და გვამებით მოვაჭრე მისი ფიურერები - სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი ქუჩაში 50 ათას კაცს კი არა, 50 ინდაურს ვერ აგროვებენ და მომიტინგეთა დასაკომპლექტებლად ბავშვებს ატყუებენ - ექსკურსიაზე მივდივართო!
სააკაშვილს ერთი პროცენტიც რომ ჰქონდეს იმის იმედი, მის დაძახილზე ქუჩაში 50 ათასი კაცი გამოვარდება, ფეხით, ნიფხავ-პერანგისამარა გამოიქცევა ოდესიდან და მაშინვე თბილისში მოადენს ზღართანს, მაგრამ იცის, ხალხმა „ერთ ადგილზე" რომ გაუშვა და ამიტომაც ქოქავს თავის კაკოია თაბაგარს - ნიკა გვარამიას - არიქა, მოიფიქრე რაღაც, თორემ დაგვენგრა ოჯახიო!
ბიზანტიაში „ნიკას აჯანყება" ცუდად დამთავრდა!
საქართველოში ნიკას აჯანყება არ მოხდება, მაგრამ ნიკა გვარამია რომ ცუდად დაამთავრებს, ამაზე შავით თეთრზე წერია გარეჯელი მკითხავის კარაბადინში!
დიტო ჩუბინიძე