logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების და ჯამში 92 მანდატის მიღების იმედი აქვთ
- +

1 ნოემბერი. 2020. 11:56

 

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3007 უბნის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად, მმართველი პარტია პროპორციული წესით 62 მანდატს მიიღებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს დამაჯერებელი უპირატესობა 14 ოლქში აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე პირველ ტურში მმართველ ძალას პარლამენტში 76 მანდატი უკვე გარანტირებული აქვს. საბოლოო ჯამში კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით, 92 მანდატის მიღების იმედი აქვს.

 

„ფორმულის შესაბამისად, პროპორციული სისტემის მიხედვით, იმ მონაცემებით, რაც არის დღეს დადებული ცესკოს საიტზე, „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული პროპორციული წესით უკვე 62 მანდატი. გარდა ამისა, დათვლილია უკვე მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატების მონაცემები და ამ მონაცემების მიხედვით, შეიძლება უკვე ითქვას, რომ მინიმუმ 14 კანდიდატს აქვს მყარად მოგებული მაჟორიტარული არჩევნები. დანარჩენ შემთხვევებში, გრძელდება დათვლა, არის შემთხვევები, სადაც უკვე გარანტირებულია მეორე ტური, თუმცა არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც შესაძლებელია პირველ ტურში არჩევნების დასრულება. აქედან გამომდინარე, მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ზუსტად 76 მანდატი უკვე აქვს გარანტირებული იმ მონაცემებით, რაც არის წარმოდგენილი. 76 მანდატი ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირველსავე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას, როგორც კი შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. დარჩენილია 16 გაუნაწილებელი მანდატი და თქვენ ყველა ხედავთ, რომ ეს 16-ვე მანდატი შედეგების მიხედვით, სწორედ მიეკუთვნება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ დარწმუნებულები ვართ 16-ვე ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე. ეს არის, პრაქტიკულად, გარანტირებული მონაცემებით, რომლებიც არის წარმოდგენილი თქვენ წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner