„წინ მეორე ტურები გველის და მოგიწოდებთ მაქსიმალური მობილიზაციისკენ, ჩვენ ერთად, ყოველთვის გავიმარჯვებთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებით, ინარჩუნებს ხელისუფლებას და მისივე განმარტებით, მეორე ტურში დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას.
„არჩევნებში გამოხატული ხალხის ნებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის ნაწილში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა, საქართველოს მოსახლეობის 48%-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა და ასევე დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვა მინიმუმ 14 მაჟორიტარულ ოლქში. მინიმუმს ვამბობ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლა მაჟორიტარების მიმართულებით.
მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“, გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციის გათვალისწინებით, 150-დან მინიმუმ 76 მანდატი (62 - პროპორციული და 14 - მაჟორიტარული) პირველივე ტურში მიანიჭა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ.
შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ მომავალ პატლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
„ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებით, დიახ, ინარჩუნებს ხელისუფლებას და მეორე ტურში დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მხარდამჭერებს გამარჯვებას, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, თითოეულ ადამიანს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის.
წინ მეორე ტურები გველის და მოგიწოდებთ მაქსიმალური მობილიზაციისკენ, ჩვენ ერთად, ყოველთვის გავიმარჯვებთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.