„რა თქმა უნდა, პირველივე ტურში გამარჯვებას ველოდებოდი, თუმცა, შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, არ არის ბოლო და დარწმუნებული ვარ, კიდევ შეიცვლება და გაიზრდება მხარდაჭერა“, – ამის შესახებ ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მე-17 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდება გადაწყვეტა, მათ შორის პირველია დასაქმება.
„ბევრი შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან და მათი განწყობა ვიცოდი. ზემოქმედების ფაქტებზე არ მსმენია. თუ არგუმენტი აქვთ, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები. მქონდა 238 შეხვედრა და კიდევ კარდაკარ ვაპირებდი გაგრძელებას, თუმცა დროში ვერ ჩავეტიე. მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ არის საკითხები, რომლებსაც სასწრაფო რეჟიმში სჭირდება გადაწყვეტა. პირველი არის დასაქმება, მეტი ხელშეწყობა კერძო სექტორს, და აუცილებელია რეგიონში ეკონომიკის გაძლიერება“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.