„საქართველოს პარლამენტის არჩევნები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, დაცული იყო ყველა წესი და ნორმა, საარჩევნო უბნების მუშაობა ძირითადად გამართული იყო. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი-მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა არზუ ნაღიევმა განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანელი პარლამენტარების დამკვირვებლები იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქალაქში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, მათ შორის, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ასევე აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში.
„არჩევნების პროცესზე დაკვირვებისას არსად არანაირ ინციდენტს არ ჰქონდა ადგილი. აზერბაიჯანი და საქართველოს თანამშრომლობა სამაგალითოა როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე სოციალური, პოლიტიკური კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნებიც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებითად აისახება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ ხალხს შემდგარ არჩევნებს. ეს არჩევნები ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში იმ პოლიტიკური, ეკონომიკური გეგმების განხორციელებისათვის, რომლებიც მათ წინაშე დგას“, - განაცხადა არზუ ნაღიევმა.