„გარწმუნებთ, რომ პარლამენტის შეკრებასა და მუშაობის დაწყებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას აპირებენ.
„პარლამენტის ლეგიტიმურობას მისი შედეგების აღიარება განსაზღვრავს. საერთაშორისო დამკვირვებლლები პირდაპირ და ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველომ კონკურენტული არჩევნები ჩაატარა, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება დაცული იყო. გარდა ამისა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები პირდაპირ მოგვიწოდებენ ყველა პარტიას, რომ პატივი ვცეთ ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს რომელიმე, ცალკე აღებული პარტიისთვის. ამიტომ, ლეგიტიმაციას საზოგადოება, ხალხი, ჩვენი მოქალაქეები განსაზღვრავენ. რაც შეეხება ჩვენი პარლამენტის შეკრებასა და მუშაობის დაწყებას, გარწმუნებთ, რომ ამას არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.