„პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათასობით ზუგდიდელს, ვინც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა, თუმცა ჩვენ მცირედი ხმები დაგვაკლდა იმისთვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოგვეგო“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი მეორე ტურში მეტად მობილიზებული იქნება და დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევენ.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი მეორე ტურში მეტად მობილიზებული იქნება და ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ. მჯერა, ზუგდიდი მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და დიდი უპირატესობით ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს გუნდს უკვე პირველივე ტურის შედეგებით შეუძლია დააკომპლექტოს მთავრობა.
მინდა, თითოეულ ზუგდიდელს, ვინც პანდემიის პირობებში არ დაიზარეთ, გამოხვედით და მხარი დამიჭირეთ, გადაგიხადოთ დიდი მადლობა, თქვენი არჩევანის ბოლომდე მიყვანისთვის ჩვენ კიდევ ერთი ტური გვჭირდება და ეს ჩვენი დემოკრატიის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ზუგდიდისთვის!“ - წერს ირაკლი ჩიქოვანი.