საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ზოგადად, ამომრჩეველს და კერძოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, მადლობა გადაუხადა გამოჩენილი სამოქალაქო აქტივობისათვის და არჩევნებში მონაწილეობისათვის.
„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მთელ საზოგადოებას, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველომ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. მე კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც პირველ რიგში მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და განსაკუთრებით ჩვენს მხარდაჭერებს, ვინც მომავალზე დაგვაკისრა პასუხისმგებლობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, იმ მომენტისთვის, როდესაც უბნების 97%-ზე მეტი დათვლილია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, „ქართულ ოცნებას“ აქვს 48%-ზე მაღალი მხარდაჭერა და მოგებული აქვს პირველივე ტურში 14 მაჟორიტარული ოლქი.
„შესაბამისად ჩვენ უკვე, ვიდრე ჩატარდება მაჟორიტარული ოლქების მეორე ტურები, ამ მომენტისთვის გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც საკმარისია მთავრობის ჩამოყალიბებისთვის და საკმარისია, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს პარლამენტში ჰქონდეს უმრავლესობა. თუმცა აქვე მინდა ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხრა, რომ ჩვენ დადგენილ ვადებში, აბსოლუტურად სამართლიან ბრძოლაში, კონკურენტულ ბრძოლაში ჩავერთვებით მეორე ტურებში და, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, რომ ეს ოლქები დამაჯერებლად მოვიგოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომლის თქმითაც, მხარდამჭერთა ძალისხმევით, „ქართული ოცნება“ არის გამარჯვებული ამ არჩევნებში.