გიორგი კახიანი ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნას გამოეხმაურა. როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„ნაკლები მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რა გადაწყვიტა ბატონმა ნიკა მელიამ. თუ რამე არაკანონიერს გააკეთებს, ამაზე შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იქნება, მაგრამ ამ კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ის პროცესები, რაც ახლა ოპოზიციის მხრიდან მიმდინარეობს, ის, რაც კანონის ფარგლებში ჯდება, ბუნებრივია, საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი, მათ შორის შესაბამისი აქციების მოწყობა და სახელმწიფოს ვალდებულებაც არის, რომ ამ უფლების რეალიზებაში შეუწყოს ხელი. მაგრამ როგორც კი რაიმე არაკანონიერი გადახვევები შეიძლება იყოს, ამას ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახიანმა.
დღეს, პარლამენტის წინ მიმდინარე ოპოზიციის ნაწილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური თვითნებურად მოიხსნა.