logo_geo
eng_logo
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ნიკა მელიას მხრიდან ელექტრონული სამაჯურის გადაგდების ფაქტზე გენერალურ პროკურატურას მიმართა
- +

1 ნოემბერი. 2020. 20:10

 

 

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ნიკა მელიას მხრიდან ელექტრონული სამაჯურის გადაგდების ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მოხსნილი ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური, რაზეც საგამოძიებო უწყებას ოფიციალურად ეცნობა.

 

ნიკა მელიას, როგორც ბრალდებულის ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკურ მხარეს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფდა და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მონიტორინგის შედეგებს აწვდიდა.

 

აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საპროცესო კოდექსის მიხედვით, პროკურატურა უფლებამოსილია, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ჯერ უცნობია, რა რეაგირებას მოახდენს საგამოძიებო უწყება.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებდა, სამაჯური, რომელიც შებმული ჰქონდა პრობაციის ეროვნული სამსახურის მიერ, ხალხში მოისროლა.

 

როგორც ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ დამატებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

 

ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ბრალად ედება ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner