„ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ვაკის მაჟორიტარი ნოდარ ტურძელაძე, სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგს ეხმაურება და ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.
„ჩემო ძვირფასო ვაკელებო, ვაჟას კვარტლებში, ნუცუბიძის ფერდობზე, პოლიტკოვსკაიასა და ბაგებში, წყნეთში, ახალდაბაში, ბეთანიაში, თხინვალასა და აგარაკებში მაცხოვრებლებო, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც თქვენი არჩევანი გამოხატეთ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
უდიდესი მადლობა ჩემს ამომრჩევლებს და ასევე, მათაც, ვინც საკუთარი არჩევანი დემოკრატიული ფორმით გამოხატა და ხმა თუნდაც სხვა კანდიდატის სასარგებლოდ მისცა. პატივს ვცემ ყველა მოქალაქის არჩევანს, რადგან სწორედ ეს არის დემოკრატია და პოლიტიკური პლურალიზმი.
მიმაჩნია, რომ გუშინდელი დღე დიდი გამოცდაა, რომელიც ქართველმა ხალხმა უმაღლესი აქტიურობითა და წარმატებით ჩააბარა. საქართველომ კი ჩაატარა კიდევ ერთი სამართლიანი, დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნები, რასაც ადასტურებს ჩვენი პარტნიორების, უცხოელი დამკვირვებლების დასკვნები!
ადვილია დაამყარო ძალადობა და ავტოკრატია, სადაც უგულვებელყოფილია ადამიანი თავისი ღირსებით, რთულია ააშენო დემოკრატიული, განვითარებული და ჰუმანური სახელმწიფო და ჩვენ ამ სირთულეს წარმატებით დავძლევთ!
გუშინ პარტია ,,ქართულმა ოცნებამ’’ და ქართველმა ხალხმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება!
ბრძოლას ვაგრძელებთ გაორმაგებული ენერგიითა და შემართებით! მეორე ტურში ჩვენ ერთად, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ! ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, ახალი მოწვევის პარლამენტში მათი ინტერესების ღირსეულად დაცვას!“ - წერს ნოდარ ტურძელაძე.