ავტორი ნინო ჯიბუტი
„არმაზ ახვლედიანს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ის უბრალოდ არაფერს ამბობს. პარტიის შიდა სამზარეულოში კარგად იყო ჩახედული და რადგან ის ამ განცხადებას აკეთებს, როგორც ჩანს, ამას საფუძველი აქვს", - ასე ეხმაურება „რეპორტიორთან" საუბრისას გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „ქართული ოცნების", ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებას, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პირები არიან, რაც პარტიის განვითარებას აფერხებს.
„თავისი შემადგენლობით „ქართულ ოცნებაში" სულ სხვადასხვა მენტალიტეტის ხალხია წარმოდგენილი. მაგრამ პრობლემა მაინც ის არის და ამას მე ჯერ კიდევ 2012 წლის იანვარში ვამბობდი, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თვითონ პარტია „ქართული ოცნების", პარტიული სტრუქტურები არ ჩამოყალიბებულიყო და დამოკიდებული ყოფილიყო რეგიონებში მათ წარმომადგენლებზე.
ეს გაცილებით უფრო ვრცელი და ფართო პრობლემაა, ვიდრე „ქართულ ოცნებაში" ვინმეს აქვს თუ არა საბჭოთა მენტალიტეტი...
ისე, ვინც დღეს არენაზეა, ყველა საბჭოთა პერიოდიდან მოდის, მხოლოდ 25 წელს ქვემოთ ვინც არის, იმან შეიძლება თავი არ მიაკუთვნოს საბჭოთა ეპოქას" , - აცხადებს დევდარიანი.