29 ივნისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა გიორგი ჯანბერიძის ალბომის „გურამ (ხიტა) ქუთათელაძე" პრეზენტაცია.
2016 წელი გურამ (ხიტა) ქუთათელაძის საიუბილეო წელია - მას 90 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემულ ალბომში თავმოყრილია მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალა, ასევე გურამ ქუთათელაძის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრები.
გურამ (ხიტა) ქუთათელაძე მეოცე საუკუნის ქართული ფერწერის წარმომადგენელია. მისი შემოქმედება უახლესი დროის ქართულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი მონაპოვარია; მან ჩამოაყალიბა პეიზაჟისა და ლანდშაფტის საკუთარი ხედვა და კონცეფცია. მხატვრის ნეომოდერნისტული ნატურმორტები სავსეა სიცოცხლით, უჩვეულო კომპოზიციური გადაწყვეტით, ექსპრესიით, საგანთა „ხასიათის" წვდომით. საგულისხმოა კონსტრუქტივისტული ნატურმორტები, რომლებშიც გურამ ქუთათელაძის ცხოვრების ბოლო პერიოდის შემოქმედებითი ძიებებია ასახული.