აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მინისტრი ოჯახის წევრებთან ერთად იზოლაციაში იმყოფება, თუმცა ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ აქვთ.
უწყების ცნობით, ნინო ნიჟარაძეს სიმპტომები ორი დღის წინ გამოუვლინდა.
„მინისტრი კლინიკის ექიმის ონლაინ რეჟიმში მეთვაყურეობის ქვეშ იმყოფება. მას პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, დადებითი პასუხის შემდეგ, განმეორებით PCR ტესტი ჩაიტარა და ორივე შემთხვევაში კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოჯახის წევრები მასთან ერთად იზოლაციაში იმყოფებიან, თუმცა, მათ კორონავირუსი არ აქვთ. რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, უწყება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რადგან თითოეული თანამშრომელი კოვიდ-წესებს ზედმიწევნით იცავს“, - აცხადებენ უწყებაში.