„ქართული ოცნება“ უნდა გამოვიდეს გამარჯვების ნირვანიდან და უსწრაფესად გადადგას ის ნაბიჯები, რასაც ხალხი მისგან ელოდება“, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია გასული წლის 20 ივნისს მიღებული გამოცდილებით, მორიგი ძალადობრივი სცენარისათვის ემზადება.
„ამ საპარლამენტო არჩევნებზე არ მივიდა 44% – დაახლოებით 1,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი.
ეს არის ის ელექტორალური ველი, სადაც ხალხისთვის რეალური ალტერნატივის შემთავაზებელ პოლიტიკურ ძალას ან ლიდერს შეუძლია იმუშაოს და სწორი მუშაობით მიიმხროს ამ ელექტორატის დიდი ნაწილი. პირადად ძალიან მინდა რომ ასეთი ძალა და ლიდერი გამოჩნდეს.
„ქართული ოცნება“, რომელიც გამარჯვების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, კარგად აცნობიერებს, თუ რა უთხრა მას ამომრჩეველმა იმ შედეგით, რაც არჩევნებზე დადგა, უნდა გამოვიდეს გამარჯვების ნირვანიდან და უსწრაფესად გადადგას ის ნაბიჯები რასაც ხალხი მისგან ელოდება, ოღონდ არა „უნდა“-ს დონეზე, არამედ რეალურად.
ამ ეტაპზე ასე ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიცია გასული წლის 20 ივნისს მიღებული გამოცდილებით, ემზადება მორიგი ძალადობრივი სცენარისათვის, რომ ხელისუფლებას როგორმე გამოსტყუონ ძალის გამოყენება მათი დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად, გამომდინარე შედეგებით და ამით ააგორონ პროტესტის ახალი ტალღა“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.