ამერიკული საინვესტიციო კომპანია „Outrider Management“ საქართველოში ნავთობის მოპოვებისთვის მთავრობისგან ლიცენზიის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. საუბარია აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე, სადაც კომპანია „ფრონტერა“ საქმიანობდა. „Outrider Management“-ის განცხადების თანახმად, კომპანია საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთ-ერთი ინვესტორი იყო; კერძოდ, ის „ფრონტერას“ კუთვნილი ლიცენზიის მაჟორიტარი მეწილე იყო, თუმცა „ფრონტერას“ მის მიმართ $35 მილიონი დოლარის ვალდებულებები ჰქონდა დაგროვილი, რომლის მოპოვებისთვისაც სასამართლო დავაში იყო ჩართული.
„Outrider Management“-მა, კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან. აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკული კომპანიის მიერ პრემიერისადმი მიმართვიდან ორი კვირის თავზე bm.ge-მ როგორც ფინანსთა მინისტრს, ისე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ჰკითხა - რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას „Outrider Management“-ის შეთავაზებასთან დაკავშირებით.
ნათია თურნავაც, ისევე, როგორვ ვანო მაჭავარიანი, აცხადებს, რომ მთავრობა „Outrider Management“-სა და „ფრონტერას“ შორის მიმდინარე დავაში ვერ ჩაერევა და იმოქმედებენ იმის შესაბამისად, თუ როგორი იქნება დავის საბოლოო შედეგი.
რაც შეეხება ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს, მინისტრის თქმით, „ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ფრონტერამ“ საკითხის პოლიტიზირება არჩია, ნაცვლად იმისა, რომ გამოეჩინა საპასუხო პოზიტიური მიდგომა, თავისი ვალდებულებები გაესტუმრებინა“.
ეკონომიკის მინისტრის პოზიციას, რომელიც bm.ge-ის წერილობით მიაწოდეს, უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის შედეგად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და, პრაქტიკულად, ყველა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათ შორის დაადგინა „ფრონტერას“ მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო უფლება.
მიუხედავად ამისა, ჩვენ იმდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამერიკული კომპანიების მუშაობას საქართველოში, რომ გამოვიჩინეთ კეთილი ნება და არ შევწყვიტეთ ხელშეკრულება „ფრონტერასთან“ და მას მოპოვების ფართობზე, ანუ იქ, სადაც საბჭოთა პერიოდში აღმოჩენილი საბადოებია, მუშაობის გაგრძელების საშუალება მივეცით.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ფრონტერამ“ საკითხის პოლიტიზირება არჩია ნაცვლად იმისა, რომ გამოეჩინა საპასუხო პოზიტიური მიდგომა, თავისი ვალდებულებები გაესტუმრებინა, საკუთარ მუშა-მოსამსახურეებზე და საბადოებზე მისი უმოქმედობით გამოწვეულ არსებულ მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციაზე ეზრუნა და ბიზნესი გაეგრძელებინა საქართველოში. კომპანიის წარმომადგენლებმა, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური ტრიბუნა გამოიყენეს და შეეცადნენ, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოეხდინათ.
მათ მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯეს ლობისტებში თავისი არასწორი და პრაქტიკულად უსამართლო ბრალდებების გავრცობის მიზნით. არადა, შეეძლოთ, რომ აღნიშნული რესურსი საკუთარი მოვალეების გასასტუმრებლად გამოეყენებინათ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ, ვინც დაინახა, რომ კომპანია „ფრონტერა“ ტყუის. კერძოდ, გაირკვა, რომ კომპანიას ჰყავს კრედიტორების და მომსახურე კომპანიების მიმართ ვალდებულებები საერთაშორისო მასშტაბით. ამ ვალდებულებებს „ფრონტერა“ ვერ ემსახურებოდა და ეს პროცესი ლოგიკური შედეგით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კაიმანის მთავრობა, სადაც „ფრონტერაა“ რეგისტრირებული, გეგმავს კომპანიის რეგისტრაციის გაუქმებას ამ უკანასკნელის მიერ ანგარიშგების და საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების გამო.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევდივართ აღნიშნულ საერთაშორისო დავებში - ისინი მიმდინარეობს სხვადასხვა კერძო სუბიექტებს შორის. როგორიც იქნება მათი საბოლოო შედეგი, იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - აცხადებს ნათია თურნავა.