„ამგვარი პოლიტიკური ძალის მიერ რამდენიმე ასეული ათასი ხმის მიღება, თავისთავად, სერიოზული შეშფოთების საგანია და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამომავლოდ სერიოზულ მუშაობას მოითხოვს“, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „გაერთიანებული ოპოზიციის“ მისამართით გააკეთა.
მან, ამასთანავე, განმარტა, რომ ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ბოროტად გამოიყენა, ახლა მათ ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილების ღირსეულად მიღების შესაძლებლობას არ აძლევს.
კობახიძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები რეალობას აცდენილია.
„მოხარული ვართ, რომ არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც კონკურენტული და აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესში რეალიზებული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინება საარჩევნო უფლებაა. ამგვარი შეფასებების ფონზე, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები თვისობრივად აცდენილია რეალობის ობიექტურ აღქმას. აშკარაა, რომ ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბოროტად სარგებლობდნენ, არ აძლევს მათ ქართველი ხალხის არჩევანის ღირსეულად მიღების შესაძლებლობას. სრულიად ლოგიკურია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული თვითნებობით, კორუფციით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას დანაშაულებრივად ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20% და ჩაიდინა უმარავი სხვა დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით ოპოზიცია არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაუბალანსებელ ოქმებს იყენებს.
კობახიძის განმარტებით ეს ადამიანური შეცდომის შედეგია და ხშირ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ინტერესების საზიანოდ არის დაშვებული.
„ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდება, რისი მიზეზიც ადამიანური შეცდომაა. ყურადღებას გავამახვილებთ იმაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება. ამასთან, ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდება, ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა.
ამ არჩევნებზე ნამდვილად დაფიქსირდა ერთი ფუნდამენტური არალეგიტიმური მოვლენა -ეს იყო საარჩევნო აგიტაციაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, რომელიც ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერად იმ პირის წარმოჩენა, რომელიც არ არის ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა“, - განაცხადა კობახიძემ.