logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ნიკა მელია სამაჯურს საზოგადოებას ესვრის და ამორფულად იქცევა - ასეთი ქმედების გამო, ის ძალა რომ იყოს ხელისუფლებაში, რომელსაც წარმოადგენს, ციხიდან არ გამოახედებდა
- +

2 ნოემბერი. 2020. 19:25

 

 

„ეს არის მისი დამოკიდებულება კანონთან და კანონმდებლობასთან“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვერის, ნიკა მელიას მიერ გუშინ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა.

 

კითხვაზე, არის თუ არა მმართველ გუნდში პერსონალურად ნიკა მელიას მიმართ მიუღებლობა, მათიკაშვილი პასუხობს, რომ ეს არ იცის, თუმცა, აცხადებს, რომ ნიკა მელიამ აღნიშნული ქმედებით ამომრჩევლის მიმართ უპატივცემლობა გამოხატა.

 

„ვერ გეტყვით, მმართველ გუნდში რა არის, მიუღებლობა არის თუ მიმღებლობა, მაგრამ მაგალითად, გუშინდელი ქცევა, როცა საზოგადოებას ესვრის სამაჯურს, რაც მას ხელზე ჰქონდა გაკეთებული იმისთვის, რომ სწორედ, პარლამენტში შეჭრის მცდელობა ჰქონდა და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, ასეთი ქმედების გამო ციხიდან არ გამოახედებდა, ის ამ სამაჯურს საზოგადოებას ესვრის და აბსოლუტურად ამორფულად იქცევა. უპატივცემლობას გამოხატავს მარტო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მიმართ კი არა, საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ეს არის მისი დამოკიდებულება კანონთან და კანონმდებლობასთან. კანონი პარლამენტმა მიიღო და კანონმდებლობიდან გამომდინარეა ის წესი, რომლითაც მას სამაჯური გაუკეთეს, ამ სამაჯურს ის იხნის და ესვრის საზოგადოებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, საზოგადოება გადაწყვეტს, ნიკა მელია უნდა იყოს თუ არა პარლამენტში. კითხვაზე, გაძლიერდა თუ არა ნიკა მელია პერსონალურად, როცა მას მოქმედმა დეპუტატებმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერეს, მათიკაშვილი პასუხობს, რომ დესტრუქციული ქმედებებით არავინ ძლიერდება.

 

„დესტრუქციული ქმედებით, არ მგონია, ვინმე ძლიერდებოდეს, დესტრუქციულობა მის მიუღებლობაზე მეტყველებს კანონთან, რაც ამორფულია და არ უნდა იყოს დამახასიათებელი პარლამენტარისთვის. თქვენ და საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნა, ის გაძლიერდა თუ არა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მან ასევე ისაუბრა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნაზეც და განაცხადა, რომ აღნიშნულის მოთხოვნა ქუჩის გზით, ეს ოპოზიციის მოუმწიფებლობაზე მიანიშნებს.

 

„ეს მათ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს. იმისთვის, რომ მოიპოვო საზოგადოებაში ნდობა, უნდა შეძლო და პოლიტიკურ პროცესებში უკეთესად წარმოაჩინო თავი. ორი წელია, ეს ოპოზიციური ძალები, რომლებიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, პარლამენტში არ გამოჩენილან, ისინი შემოდიან პარლამენტში და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ცუდ სუნს აყენებენ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ისინი პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნით აუწყებენ მათ მოსვლას საზოგადოებას, ისინი ცდილობენ, პარლამენტში ძალადობრივად შეიჭრან, ამისთვის ყველა რესურსს იყენებენ. რაც ყველაზე მთავარია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ევლინება პიროვნება, რომელიც კრიმინალია, რომლის მიმართაც საქართველოში არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი და რომელმაც საზოგადოებას დაანახა უკვე რისი გაკეთება შეუძლია გადავსებული ციხეებით. რატომ ვერ იმარჯვებენ ეს ძალები საქართველოს არჩევნებში? იქნებ მიზეზები სხვა რამეა? „ქართული ოცნება“ არ არის ამის მიზეზი, არის საკუთარი თავი, საკუთარი წარსული.

 

ლეგიტიმურად ჩატარებული, კონკურენტულ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩვენების არალეგიტიმურად ცნობის უფლებას არავის მივცემთ. ვის რისი თქმაც, ან გაკეთებაც სურს, არის პოლიტიკური სარბიელი, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და კეთილი ინებონ 1%-ს გადაცილებულმა პარტიებმა, გამოიყენონ ეს რესურსი პოლიტიკური ბრძოლისთვის, საკანონმდებლო შემოქმედებისთვის და რაც ჩვენ ქვეყანას წაადგება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner