ხელოვნების სასახლემ პროექტი „მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში" განხორციელება დაიწყო, რომელიც 3 ეტაპად არის დაყოფილი, - ამის შესახებ მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ განაცხადა.
კალანდია აცხადებს, რომ ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ხელოვნების სასახლეს აქამდე უცნობი კოლექცია გადასცა, რომელიც მეფე ერეკლე II-ს შეეხება. კოლექცია აერთიანებს მნიშვნელოვან ცნობებს ქართველი მეფის შესახებ, რომელიც ინგლისურ პრესაში 1749-1798 წლებშია დაბეჭდილი.
ცნობების აბსოლუტური უმეტესობა ქართველი მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო. ეს არის ასზე მეტი ახალი ამბავი ქართველი ხელმწიფის შესახებ, რომელიც ინგლისური გაზეთების პირველ ან ძირითადი სიახლეების გვერდებზეა დაბეჭდილი".
კალანდიას თქმით, ინგლისურ პრესას არცერთი ქართველი მონარქისადმი მსგავსი ინტერესი არ გამოუჩენია.
„საოცარია ინგლისელთა განსაკუთრებული და აღმატებითი დამოკიდებულება პატარა კახისადმი. საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:
„London magazine or Gentleman's monthly intelligencer". 1755 წელი - „მეფე ერეკლე აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია! ასაკით 27 წლისაა. მისი გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის მისივე ბრძენკაცულ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა - მისმა ამ ღირსებებმა საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად".
„London Gazette". 1752 წელი - „ერეკლე მეფეს გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობა იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი, იმ ხალხისა, რომელიც საკუთარი პრინცისა და ქრისტიანული რწმენის დასაცავად დაუფიქრებლად თავს გასწირავს".
„General Evening Post" (London). 1750 წლის 13 ნოემბერი - „ასტრახანიდან ბოლო შეტყობინებით დადასტურებულია, რომ მოეწყო სპარსელთა შეტევა საქართველოს პრინცის წინააღმდეგ. ის არის 80-ათასკაციანი არმიის მეთაური და ტიფლისისა და ერევნის მფლობელი. მან გამარჯვების შემდეგ ხელმეორედ შემოსეულ ხუთ პრინცს შეუტია და ისინი დაამარცხა. ამ ბრძოლის შემდეგ სპარსელები ძალების მოკრებას ცდილობენ და თავიანთ დარბეულ ბრბოებს თავს უყრიან".
„Whitehall Evering Post or London Intelligercr" (London). 1754 წლის 2-5 ნოემბერი - „სპარსეთიდან შევიტყვეთ, რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა, რომლის გმირობამ მსოფლიოში უდიდესი ხმაური გამოიწვია, თავი მოუყარა თავის ძალებს კასპიის ზღვის საზღვარზე, იმ იმედით, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან მიიღებს დახმარებას ზღვით. მისი პრინციპია ყველა რელიგიისადმი შემწყნარებლობა, თვითონ კი ბერძნული მართლმადიდებლობის აღმსარებელია".
მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ ეს მცირე ინფორმაციაც კარგად ცხადყოფს, თუ რამდენად სენსაციური და საინტერესოა ინგლისური პრესის ცნობები ერეკლე მეფის შესახებ.
„პროექტის დაფინანსება ვთხოვეთ ბევრს, ველოდეთ ორი წელი, ყველამ უარით გამოგვისტუმრა. ერთი თვის წინ მივმართეთ ფონდ „ქართუს", რამდენიმე დღის წინ დაფინანსებაზე თანხმობა განგვიცხადეს.
პროექტის პირველი ეტაპი გულისხმობს დუბლინიდან 1703-1799 წლებში ინგლისურ გაზეთებში საქართველოს შესახებ დაბეჭდილი ცნობების თარგმნას, სამეცნიერო კომენტარების დართვას. მეორე ეტაპი გულისხმობს წიგნის გამოცემას.
20 ათასი ლარით დაფინანსებული პირველი პროექტი მოიცავს სამეცნიერო კვლევას. მეორე ეტაპია წიგნის გამოცემა, რომელიც დაახლოებით 15 ათას ლარამდე იქნება დაფინანსებული. მესამე ეტაპი იქნება ე.წ. დადიანთა არქივის სრულად ჩამოტანა და თარგმნა, თუმცა ეს მომავლის საქმეა", - განაცხადა კალანდიამ.