logo_geo
eng_logo
გიორგი გაბედავა გიგი უგულავას: თქვენი სექტის პარპაში საქართველოში დამთავრდება, თქვენს დაუსჯელობას ბოლო მოეღება
- +

2 ნოემბერი. 2020. 22:31

 

 

2020 წლის 21 ოქტომბერს, როცა ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ყაჩაღი შეიჭრა და ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა, „ნაცებმა“ და „ევრონაცებმა“ იაფფასიანი პოლიტიკური შოუს დასადგმელად მოიცალეს. „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა ტელეკამერების წინ დემაგოგობდა და პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობდა, ბოლოს კი „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის„“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ პოლიტპატიმარ გიორგი გაბედავას ზონდერებიც მიუქსია. კონკრეტულად რა და როგორ მოხდა, ამის შესახებ გი ორგი გაბედავა თავად მოგვიყვება:

 

– ზუგდიდელების, მათ შორის, ტერორისტის მიერ მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ უგულავა მთელი დღის განმავლობაში თვითპიარითა და პოლიტიკური ქულების დაწერით იყო დაკავებული. მას რამდენჯერმე მოუწოდეს კიდეც, რომ პოლიტიკურ მაიმუნობას შეშვებოდა და იქაურობას გასცლოდა.

 

– პირადად თქვენი და უგულავას კონფლიქტი რამ გამოიწვია?

 

– უპირველეს ყოვლისა, მე იქ ვიყავი არა როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არამედ, როგორც ჭირისუფალი, რადგან მძევლებს შორის ჩემი ბიძაშვილიც იყო. ერთადერთი საფიქრალი მქონდა, რომ მძევლები უვნებლად გადარჩენილიყვნენ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე არც კი მიფიქრია.

 

საღამოს, როცა მძევლების მშობლებთან და ახლობლებთან ვსაუბრობდი, დავინახე, რომ ევრონაცი ზონდერები ერთ ადამიანს დაესივნენ, რომელმაც უგულავას უთხრა – წადი აქედან, თავს ნუ იპიარებო! უგულავას ზონდერები ამ ბიჭს, ჟარგონულად რომ ვთქვათ, „აკაჩავებდნენ“ – გიგის ნუ ახსენებო! ბუნებრივია, ზონდერებს მოვუწოდე – თავი გაანებეთ, ადამიანს სრული უფლება აქვს, საკუთარი აზრი და პროტესტი გამოხატოს-მეთქი! რა თქმა უნდა, ეს არ ესიამოვნათ და აგრესია ჩემზე გადმოიტანეს, ბოლოს კი პირადად უგულავა მოვიდა და გინება დამიწყო.

 

– ტელევიზიით გასულ კადრებში კარგად ისმოდა, რომ უგულავა მართლაც უშვერი სიტყვებით გაგინებდათ, თუმცა, ვალში არც თქვენ დარჩენილხართ!..

 

– ბუნებრივია, დედის გინებას უპასუხოდ არ დავტოვებდი, მითუმეტეს, რომ ეს გინება ზონდერების უსტაბაშისა და ბიუჯეტის ქურდისგან მოდიოდა. წარმოიდგინეთ, უგულავამ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორიდან კუდამოძუებული გაიქცა, პუტინისტები გვეძახა აგვისტოს ომის ორ მონაწილეს – მე და უჩა გუგუჩიას, რომელიც შინდისის ლეგენდარული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილეა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საქმეში პოლიცია ჩაერია და ვითარება განმუხტა, მაგრამ რამდენიმე წუთში, როცა ჟურნალისტებს ინტერვიუს ვაძლევდი და ვუხსნიდი, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება, უგულავას დაქირავებული ზონდერი უკნიდან ლაჩრულად მომეპარა და დამარტყა.

 

– იცით იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც თავს დაგესხათ?

 

– დიახ, ეს არის ლევან სამუშია, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის გადმოტანაზე რამდენჯერმე არის დაკავებული და დღესაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. მან ჩემგან საკადრისი პასუხი იქვე მიიღო და ლაჩრული საქციელი არც ზუგდიდელებმა აპატიეს – იმდენი მოხვდა, რუსის ბარაბანს რომ არ მოხვედრია.

 

საერთოდ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უგულავა ზუგდიდში დაქირავებულ ზონდერებთან ერთად გადაადგილდება, რომლებიც საარჩევნო შტაბში კოორდინატორებად, აგიტატორებად, დამკვირვებლებად და მძღოლებად ჰყავს გაფორმებული. ყველა მათგანის სახელი, გვარი და ბიოგრაფია ვიცი – ადრე მეგის ქარდავას ზონდერები იყვნენ, ახლა კი უგულავას ეგიდით ზონდერობენ.

 

– ლევან სამუშია, რომელიც თავს დაგესხათ, პოლიციამ დააკავა?

 

– დიახ, დააკავეს და ცოტა ხანში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭია და ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ჩემ გამო ციხეში გაუშვან. სამუშიამ თავისი უგუნური და ლაჩრული საქციელისთვის პასუხი ჩემგანაც და სხვა ზუგდიდელებისგანაც იქვე მიიღო და პატიმრობისთვის არ მემეტება.

 

მოკლედ, ვინც ჩემზე თავდასხმა გაბედა, იმან საკადრისი პასუხი უკვე მიიღო, უგულავა კი არჩევნებზე მიიღებს ძალიან დიდ სიურპრიზს, რომელიც მას პოლიტიკურად დამარხავს!

 

„ევრონაცი“ ზონდერის მხრიდან გიორგი გაბედავაზე თავდასხმის შემდეგ „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდში საგანგებოდ ჩავიდნენ და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გიგი უგულავასთან პირისპირ შეხვედრას ცდილობდა, თუმცა, იგი აუდიენციაზე არ გამოვიდა.

 

– რას ემსახურებოდა თქვენი ჩასვლა ზუგდიდში და ასე დაჟინებით რატომ გსურდათ უგულავასთან შეხვედრა?

– უგულავას ზონდერების მიერ გიორგი გაბედავაზე მიპარვით თავდასხმა იმიტომ მოხდა, რომ ბოკერიას ბანდას დაუსჯელობის სინდრომი აქვს შეყრილი და „ქართულ ოცნებასთან“ კოჰაბიტაციის გამო ხელშეუხებლობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ ჩავედით ზუგდიდში და გვინდოდა, უგულავა გვენახა, რათა მისთვის ბოლომდე ჩამოგვეხსნა ნიღაბი. ჩვენს გეგმებში არავითარი ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება არ შედიოდა, უბრალოდ, უგულავას პირისპირ შევხვდებოდი და საზოგადოების გასაგონად ვეტყოდი, ვინც არის და რასაც წარმოადგენს, თუმცა, შეშინებული სოროში შეიმალა და თავის ოფისთან პატარა გოგო-ბიჭები დამახვედრა.

 

– მაინც რა უნდა გეთქვათ უგულავასთვის, თუ თქვენთან შესახვედრად გამოვიდოდა?

 

– უგულავას, პირველ რიგში ვეტყოდი, რომ გულის ამრევი პოლიტიკური პიარით არ უნდა დაკავებულიყო მაშინ, როცა ზუგდიდის ცენტრში ტერორისტს მძევლები ჰყავდა აყვანილი და ათობით ადამიანი სიკვდილს უყურებდა თვალებში. დიდი ამბით რომ განაცხადა – მზად ვარ, მძევლებს ჩავენაცვლოო, ვისი ჩამნაცვლებელი იყო ეგ ლაჩარი? ტერორისტს ჩაბარდებოდა, როცა ჩემთან შეხვედრის შეეშინდა და მის ოფისთან სრულიად მარტომ მისულს კურდღელივით დამემალა? ერთი სიტყვით ზუგდიდში იმიტომ ჩავედი, რომ უგულავასთვის პირში მეთქვა ბევრი რამ, რაც საზოგადოებამ მის შესახებ ჯერ კიდევ არ იცის.

 

– ჩათვალეთ, რომ ახლა უგულავას ესაუბრებით და ყველაფერი, რაც მისთვის უნდა გეთქვათ, ჩვენს მკითხველს მოუყევით!

 

– უგულავას გავახსენებდი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს როგორ მოპარა საკუთარი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებს 7 მილიონ 500 ათასი ლარი, რომელიც პარტიული აქტივისთვის უნდა დაერიგებინათ, მაგრამ უგულავამ განაცხადა – წაგებულებს ფულს არ გადავუხდიო და 7,5 მილიონი გააქრო!

 

უგულავას ასევე გავახსენებდი, როგორ წავიდა ბიუჯეტის ფულით ლას-ვეგასში საგრიალოდ საკუთარ ცოლთან და ამფსონებთან ერთად, მივლინება კი ისე გააფორმა, თითქოს, დასუფთავების სამსახურისთვის მანქანების ჩამოსაყვანად მიემგზავრებოდა. უგულავას ცოლის ლელა კილაძის სახელზე გაფორმებულ ტელეფონის ნომერზე ერთ თვეში დეპოზიტის სახით 50 ათასი ლარი იყო ჩარიცხული და გახარჯული.

 

უგულავას ასევე გავახსენებდი, მისი მეგობრის დროს როგორ გაყიდეს რიყე 10 მილიონად, ერთ თვეში კი 17 მილიონად უკან იყიდეს და 7 მილიონი გაათეთრეს.

 

და კიდევ: უგულავას გავახსენებდი, როგორ გეგმავდა სისხლიანი პროვოკაციის მოწყობას 2012 წლის სექტემბერში, რაც რამდენიმე ადამიანთან პირადი შეხვედრისას თვითონვე აქვს ნაღიარები.

 

– კონკრეტულად რა პროვოკაციაზე იყო საუბარი?

 

– უგულავას ჰქონდა გეგმა, რომ ორთაჭალჰესის ტერიტორიაზე მომხდარიყო ორი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა შეიარაღებული დაპირისპირება, რა დროსაც სისხლი დაიღვრებოდა და ამის საფუძველზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გადასადებად.

 

– ზუგდიდში საგანგებოდ ჩასულს უგულავა არ შეგხვდათ, თუმცა, მისი თანაგუნდელის პირით შემოგითვალათ – ტოლი ნახე და კოჭი გააგორეო!

 

– უგულავას, ეტყობა, დაავიწყდა, რა მოჰყვა მის ასეთივე ნათქვამს 7 წლის წინათ... დიახ, 2013 წელს, როცა მას პირდაპირ ეთერში დებატი შევთავაზე, გამოვიდა და განაცხადა – შიხიაშვილმა ტოლი ნახოს და კოჭი გააგოროსო, მაგრამ ცოტა ხანში სასამართლომ მერის უფლებამოსილება შეუჩერა და ბოლოს ციხეშიც გაამწესა, სადაც კოჭის გასაგორებელი დრო თავზე საყრელად ჰქონდა.

 

ასე რომ, ვეუბნები უგულავას: მაგ სიტყვების მერე თბილისში შენი ერთპიროვნული მმართველობა დამთავრდა, ახლა კი თქვენი სექტის პარპაში მთელ საქართველოში დამთავრდება, თქვენს დაუსჯელობას ბოლო მოეღება და საქართველოს მოსახლეობა თქვენი შანტაჟისგან გათავისუფლდება, ამას კი, ქართველი ერის დაკვეთით, „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ გააკეთებს!

 

ცნობილი მსახიობი, სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული გიორგი გურგულია, რომელიც „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ მხარდამჭერი და თანამებრძოლია, ზუგდიდში გიგი უგულავას პოლიტიკურ ყელყელაობას ასე ეხმაურება:

 

– უგულავამ თბილისის ბიუჯეტი გაძარცვა და ახლა ზუგდიდელების ხმებით უნდა პარლამენტში მოხვედრა? ნამუსი არა აქვს მაგ კაცს! მეგრელები გამჭრიახი ხალხია, ვამაყობ, რომ მეგრული სისხლი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ზუგდიდი უგულავასნაირ უღირს კანდიდატს არ აირჩევს!

 

საერთოდ, ნაცმოძრაობასა და მის ყველა დანაყოფებსა თუ გამონაყოფს ვურჩევ, პოლიტიკიდან თავიანთი ნებით წავიდნენ, სანამ ქართველ ხალხს მართლა ყელში არ ამოუვიდა და მათი ლინჩის წესით გასამართლება არ დაიწყო. ვერ წარმომიდგენია, ამ მკვლელებს, მწამებლებს, ბიუჯეტის ქურდებს, კოდორის ხეობის, ახალგორისა და დავითგარეჯის გამყიდველებს ვინ უნდა მისცეს ხმა?! ნაცები ამ არჩევნებზე არათუ მეორე ადგილზეც ვერ უნდა გავიდნენ, არამედ პარლამენტში 3-4 კაცზე მეტი ვერ უნდა გაიყვანონ.

 

– თქვენ ადრე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყავით...

 

– მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებაში“ დღემდე არაერთი მეგობარი მყავს, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის ე.წ. ახალგაზრდული ფრთა – კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე და სხვები, რომლებსაც თავიანთი იდეოლოგიითა და შეხედულებებით ნაციონალებისაგან ვერ ვასხვავებ. სამწუხაროდ, „ოცნებაში“ სწორედ ეს ფრთა გაბატონდა, პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე და მებრძოლი ხალხი კი უკანა პლანზეა გადაწეული.

 

– „ქართული მარშის“ გვერდით დადგომა რატომ გადაწყვიტეთ?

 

– „ქართულ მარშში“ პატრიოტიზმი და ეროვნულობა დავინახე. ლიბერალური გარყვნილების წინააღმდეგ იბრძვიან, ქართულ ტრადიციებსა და დედაეკლესიას იცავენ, კოჰაბიტაციის წინააღმდეგ ილაშქრებენ, აქვთ შესანიშნავი ეკონომიკური პროექტი „გეორგია“, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინებას შეუწყობს ხელს და ამიტომაც დავუდექი მხარში. გარდა ამისა, ირაკლი შიხიაშვილი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და დიდ პატივს ვცემ. მამაჩემის მეგობარია გურამ საღარაძეც – ჩემი უსაყვარლესი ძია გურამი – ვაკეში „ქართული მარშის“ მაჟორიტარობის კანდიდატია და ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ჩემი სიმპათია „მარშის“ მიმართ.

 

ამ არჩევნებში სწორედ ეროვნულმა ძალებმა უნდა მიაღწიონ წარმატებას და საქართველოს პარლამენტში პატრიოტი ადამიანები შევიდნენ, თორემ „ოცნებისა“ და ნაცების კოჰაბიტაცია თუ გაგრძელდა, ქვეყანა ხელიდან გამოგვეცლება!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner