საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს. ვუსამძიმრებთ ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს, მეგობრებსა და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ჩვენ ავსტრიელებისა და მთელი მსოფლიოსადმი სოლიდარულები ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ექვს სხვადასხვა ადგილზე გახსნა ცეცხლი, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ხუთი ადამიანი, დაშავებულია 17 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. სპეცოპერაციის დროს პოლიციამ ერთ-ერთი თავდამსხმელიც მოკლა. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს და ამ დროისთვის ერთ თავდამსხმელს ეძებენ. ვენაში სხვადასხვა ობიექტს ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავს.