logo_geo
eng_logo
ირაკლი იაშვილი: არაკონსტიტუციური მოქმედებები ჩამოშლის ქვეყანას, ბიზნესს
- +

3 ნოემბერი. 2020. 13:19

 

 

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პროცესებს და მის გავლენას ეკონომიკასა და ბიზნესზე „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს.

 

„იმ ფონზე, როდესაც რეგიონში საბრძოლო მოქმედებებია, არის პანდემია და ისედაც მძიმე ეკონომიკური ფონია, არაკონსტიტუციური მოქმედებები ჩამოშლის ქვეყანას. გამოცდილება მეც მაქვს, უამრავი არჩევნები ჩამიტარებია, მინახავს როგორ ყრიდნენ ბიულეტინებს და ყუთებს მდინარეში. ეს დრო ხომ წავიდა, საარჩევნო უბნებზე რომ ასეთი გაყალბება აღარ არსებობს, ამაზე უნდა შევთანხმდეთ.

 

უამრავი ხალხი ესწრება არჩევნებს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, რომლებიც დიდად არ არიან კეთილგანწობილნი ამ ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად ამისა, ჩატარდა პარალელური დათვლა, რომელიც  დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს.

 

გარდა ამისა,  ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა უბნებზე ოქმებს ხელი მოაწერეს. თუ გაყალბდა რატომ მოაწერეს ხელი? ამაზე მკაფიო პასუხი ხომ არ არსებობს? მგონია, რომ ეს არჩევნები იყო ეპოქალური გარდატეხის. ამ არჩევნებმა ბევრი ძველი პოლიტიკური სახე უნდა ჩამოაცილოს პოლიტიკას. ამის აღქმა და აღიარება ძალიან მძიმეა იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც ბოლო ათეული წლებია საქართველოში არსებობენ. ისინი ამთავრებენ პოლიტიკურ ცხოვრებას და მოდიან ახლები. ბუნებრივი ბარიერი ვინც ვერ გადალახა, უნდა აღიაროს, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში ყავლი გაუვიდათ და სახლში უნდა წავიდნენ.

 

2008 წელს,  15 მანდატი ავიღეთ  მაშინდელმა ოპოზიციამ და პარლამენტის წინ დავჭერით, არ შევედით პარლამენტში. მაშინ ყველა პოლიტიკური ფიგურა, ვინც ეს გააკეთა, გაქრა ქართული პოლიტიკიდან. ეს უნდა გახდეს მაგალითი.  თუ არ შედიხარ პარლამენტში და რჩები ქუჩაში, ხარ მარგინალი. ამიტომ ის ახალგაზრდა პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ამ ნაბიჯს გადადგამენ, საკრალურ შეცდომას დაუშვებენ. ამით ისინი დაასამარებენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს“, - აცხადებს ირაკლი იაშვილი.

 

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ის პროცესები, რაც ახლა ხდება, ასევე საკმაოდ ცუდად აისახება ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. იაშვილის ინფორმაციით, არჩევნების ხელმეორედ ჩატარება იმიტომ, რომ ვიღაც პარლამენტში ვერ მოხდა, სწორი არ არის.

 

„კიდევ ერთხელ  მიიყვანო ხალხი არჩევნებზე, კიდევ  ხალხმრავლობა,  რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. მთელი ევროპა ლოქდაუნშია, ჩვენც ამას მივიღებთ და მერე ისევ მთავრობას დაბრალდება ყველაფერი“, - აცხადებს ირაკლი იაშვილი.

 

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, პირდაპირი კორელაციაა მიტინგსა და ლარის გაუფასურებას შორის, რადგან ეროვნულ ვალუტას ისედაც პრობლემები აქვს და ამით კიდევ დამატებით ზეწოლას ვუქმნით.

 

„ამას ვერ გაუძლებს ვერც ეროვნული ბანკი და ვერც ვერაფერი. რაც შეეხება მოლოდინებს, მე მგონია, რომ ახალგაზრდა პარტიები და პოლიტიკოსები გონივრულად მოიქცევიან და ისინი ერთი პარტიის სცენარში არ ჩაეწერებიან. ამით ეკონომიკასაც გადავარჩენთ“, - აცხადებს ირაკლი იაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner