მსახიობ ანა ტყებუჩავას „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ დიდი შესვენება აქვს, გოცირიძეების ოჯახისგან და ნინას პერსონაჟისგან გამოთავისუფლებულ მთელ დროს საკუთარ ოჯახს და საკუთარ თავს უთმობს. ძალიან მოსწონთ ეს ეტაპი, როდესაც შეუძლია დღეში 8 საათი იძინოს, ბავშვი სკოლაში წაიყვანოს, იცურაოს, ან მასაჟზე წავიდეს, თუმცა როცა სერიალის გადასაღები მოედნის ლოკაციებს გვერდით ჩაუვლის, ხვდება, რომ გოცირიძეებში დაბრუნების დროა.
როგორია ნინას გარეშე ანას ცხოვრება და როდის დაიწყებს სერიალზე მუშაობას, ამას შევიტყობთ:
– ანა, რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში, თუ გავითვლაისწინებთ, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ ჯერ არ დაწყებულა და დიდი დასვენება გამოგივიდათ?
– მართლაც დიდი დასვენება გამომივიდა და ბევრი დრო დავუთმე საკუთარ თავს, ჩემს ცხოვრებაში გამოთავისუფლდა დრო ძილისა და სიმშვიდისთვის. იმას კი არ ვამბობ, რომ რადგან სერიალზე არ ვმუშაობ, ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ არც უბედურად ვგრძნობ თავს, იმედიანად ვუყურებ მომავალს და ველოდები, რომ მალე დაიწყება გადაღებები.
– სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქვეყნებთ ფოტოებს, სადაც ძალიან კარგ ფორმაში ხართ, როგორც ჩანს დასვენების რეჟიმი მოგიხდათ.
– სურათებში ალბათ ის იგულისხმეთ, ფოტოსესია რომ მქონდა ერთ-ერთი ჟურნალის პროექტთან დაკავშირებით. საერთოდ, მსახიობმა ყოველთვის უნდა იზრუნოს პორტფოლიოს განახლებაზე და ამისთვისაც მოვიცალე.
დატვირთული რეჟიმის გამო ძალიან არეული მქონდა ცხოვრების და ძილის რეჟიმი, ახლა გადავედი რვასაათიან ძილზე, რაც ძალიან კარგად მოქმედებს, პირველ რიგში, გარეგნობაზე და შემდეგ ფსიქიკაზე ბოლო ექვსი წელიწადია რვასაათიანი ძილის რეჟიმი არ მქონია. ბავშვებიც გაიზარდნენ და ჩემი ცხოვრებაც უფრო მშვიდ რეჟიმში გადავიდა.
რაღაცნაირად ასაკის მხრივაც საინტერესო პერიოდია, თურმე სულ არ ყოფილა ცუდი, როდესაც წლები გემატება. სიახლეების გაკეთების სურვილი მაქვს, მუდამ ახალს ვეძებ, ადრე მხოლოდ საკუთარი პროფესიით შემოვიფარგლებოდი, რადგან ის დღემდე ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ახლა კი მივხვდი, რომ სხვა საქმეშიც შეიძლება მოვსინჯო ძალები, თუ ადრე თავს ვიკავებდი ბევრი მოგზაურობისგან, რადგან არ მიყვარს მგზავრობა, ახლა ჩემი ქმარი რომ იტყვის, სადმე ხომ არ წავსულიყავითო, მე მაშინვე მზად ვარ.
ძალიან აქტიური ზაფხული გვქონდა, სხვათა შორის, ახალი ინტერესებიც შევიძინე, სახლში ყოფნამ მაჩვენა, რომ შემიძლია ბევრი ნიჭი განვავითარო, მაგალითად, დავიწყე ძველი ავეჯის რესტავრირება და ძალიან კარგი შედეგიც მივიღე. ამაზე რომ ადრე მეფიქრა, სიამოვნებით გავყვებოდი ავეჯის დიზაინის ხაზსაც. ერთ მშვენიერ დღეს ავიღე ძველი სკამები, გადავღებე, დავუმატე სხვადასხვა აქსესუარები და მივიღე ძალიან ლამაზი ავეჯი.
– ასაკი ახსენეთ და ხომ არ გაშინებთ წლების მატება?
– ჯერჯერობით არ მაშინებს, მაგრამ ალბეთ მოვა დრო, როდესაც ასაკი უფრო შემაშინებს, ვიდრე სიმშვიდეს მომიტანს. ქალი ხომ პირველ რიგში გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ფიქრობს, მაგრამ ამ მხრივაც თავს ვიმშვიდებ, უამრავი საშუალებაა, რომ ასაკი პრობლემად არ აქციაო. ამას ვამბობ სწორედ, რომ ამ პანდემიამ და სერიალისგან დიდმა დასვენებამ მეტი საშუალება მომცა, საკუთარ თავს მოვუარო. დავდივარ მასაჟზე კოსმეტოლოგთან, ვცურავ, ეს ყველაფერი კი აისახა ჩემს გარეგნობაზე, მე მგონი ცოტა ამოვარდნილი ვარ ფონიდან, ირგვლივ ასეთი სტრესული გარემოა და მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ.
– წელს თქვენი შვილი პირველად წავიდა სკოლაში, ხომ არ ნერვიულობთ განსაკუთრებულად პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის გამო?
– კი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა შვილმა პირველად შეაღო სკოლის კარი და ძალიან მინდა სწორი დამოკიდებულებით აღიქვას სწავლის პროცესი, ნიშნები არ მაინტერესებს. იმის გამო, რომ პირველკლასელია, სანამ მოგვცემს რეგულაციები საშუალებას, მინდა იაროს სკოლაში. პირბადე და უსაფრთხოების წესების დაცვა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ძალიან კარგია, რომ სკოლაში წასვლის პერიოდში მე მეტი დრო აღმომაჩნდა, ვიყო ჩართული ჩემი შვილის სწავლის პროცესში.
– ანუ პანდემია თქვენში პანიკურ განწყობებს არ იწვევს?
– არა, პანიკაში ჩავარდნა არ არის ჩემი თვისება, რასაც ვერ შევცვლი, იმაზე არ ვნერვიულობ. უცნაური დამოკიდებულება მაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, მინდა როგორც აქამდე იყო კოვიდთან ბრძოლაში წარმატებული საქართველო, ისევ ისე გაგრძელდეს, ჩემს ფიქრებში ვამხნევებ საქართველოს, რომ გამოძვრეს ამ რთული სიტუაციიდან.
ყოველთვის უნდა შევხედოთ ყველაფერს ორი მხრიდან, ამ პანდემიამაც მოიტანა დადებითი. საერთოდაც ძალიან კარგია, როდესაც მეტი დრო გაქვს საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, მარტივად რომ ჩამოვიყალიბო, ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არის ის, რომ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა. რაც მომესურვება, ყველაფერი სისრულეში მოვიყვანო. მსახიობისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა, გქონდეს დრო, როდესაც დაფიქრდები, გაანალიზებ რაღაცებს, ცხოვრების პრიორიტეტებს დასახავ და ახალი ენერგიით შეუტევ.
– რა შემოთავაზებები გაქვთ და როდის დაუბრუნდებით „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანს?
– როგორც ამბობენ, სერიალის მუშაობაში სამთვიანი პაუზა გვაქვს ანუ ნოემბრის ბოლომდე.
– ესე იგი ჭორია, თითქოს საერთოდ დაიხურა ამ სერიალზე მუშაობა?
– ჯერჯერობით მხოლოდ სამთვიანი პაუზაა, მე არ ვარ ჩახედული იმ პროცესებში, რომლებიც შეიძლება კულუარულად მიმდინარეობდეს, ველოდები იმ დღეს, როდესაც დამირეკავენ და მეტყვიან ვიწყებთ ახალი სეზონის გადაღებასო. რამდენადაც ვიცი „ფორმულა კრეატივს“ დიდი სურვილი აქვს სერიალი გაგრძელდეს, ვფიქრობ, სერიალსაც მოუხდება ეს პაუზა.
– ისვენებთ თქვენი პერსონაჟისგან თუ უკვე მოგენატრათ?
– ვერ ვიტყვი, რომ პერსონაჟისგან ვისვენებ, პირიქით, ძალიან მენატრება. მსახიობობა ცოტა მაზოხისტური პროფესიაა, რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ მომწონს დასვენების რეჟიმი, რეალურად მაინც ძალიან მენატრება ის გადარბენები და ღამის თენებები, რასაც მსახიობობა მოითხოვს.
– არ გითქვამთ, რა ახალი წინადადებები და შემოთავაზებები გაქვთ რაზეც ადრე უარს ამბობდით.
– სარეკლამო და მარკეტინგული კუთხით გააქტიურდა შემოთავაზებები, ადრე ვფიქრობდი, რომ ასეთ საქმეზე დროის დახარჯვა არ ღირდა, ახლა კი სიამოვნებით ვარ ამ პროექტში ჩართული. შემოსავალიც არის და გარკვეული კუთხით საინტერესო პროცესიც აღმოჩნდა. სატელევიზიო კუთხითაც არის რაღაც სიახლეები და წინადადებები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– რა გენატრებათ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღები მოედნიდან, ხვალ რომ გიწევდეთ გასვლა, რა შემართება გექნებოდათ?
– ახლა რომ დამირეკონ და მითხრან ხვალ გადასაღებად გამოცხადდიო, ძალიან ვინერვიულებ, შესვენების შემდეგ გადაღებების დაწყება ჩემთვის ყოველთვის სანერვიულოა. ამ დროს ყველაფერი თავიდან იწყება – ხელების კანკალი, ღელვა, პირველ რიგში მომენატრა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთან ერთადაც წლებია მოვდივარ.
– სერიალის „სახლის კედლები“ არ მოგენატრათ?
– კი, მენატრება, იმ ლოკაციის სიახლოვეს როცა გავივლი, სადაც გოცირიძეების სახლია, ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება, ასე მგონია, გოცირიძეების სახლიდან ცოტა ხნით დასასვენებლად ვარ წასული და მალე დავბრუნდები.
ავთო ჩიტიძე