საზოგადოებაში არის ინფორმაცია, რომ გარკვეულ პარტიებს ბოლომდე არ გადაუწყვეტიათ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა, მაგრამ ეშინიათ, რომ სააკაშვილმა მათ მოღალატეები არ უწოდოს, გვარამიამ და სამადაშვილმა არ დატუქსონ და ა.შ., - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
„იყო შანსი და ეს შანსი ჯერ კიდევ არსებობს, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვქონოდა, იმის ფონზე, რომ პარტიებს სხვადასხვა სახელი ჰქვია. ვერ ვიტყვი, რომ ინდივიდუალურობით ძალიან გამოირჩევიან, მაგრამ ასე თუ ისე რაღაც განსხვავებები არსებობს. მას შემდეგ რაც მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა, რომ კოვიდის პირობებში შესანიშნავად ჩატარდა არჩევნები, როცა არსებობდა სერიოზული რისკები, და გაგვიჩნდა მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების შანსი, უცბად ჩვენ ვგებულობთ, რომ თურმე ყველა პარტია სააკაშვილს ემორჩილება. სამხედრო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სააკაშვილს ჰყავს თავისი შტაბის უფროსი - ნიკა გვარამია, და რამდენიმე სარდალი - ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი და სხვები. რასაც ისინი ამბობენ, ყველა დანარჩენი პარტია უსიტყვოდ ასრულებს. საზოგადოებაში არის ინფორმაცია, რომ გარკვეულ ძალებს ბოლომდე არ გადაუწყვეტიათ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა, მაგრამ ეშინიათ, რომ სააკაშვილმა მათ მოღალატეები არ უწოდოს, გვარამიამ და სამადაშვილმა არ დატუქსონ და ა.შ. რაც შეეხება დაფინანსებას, წარმოვიდგინოთ მარტივი ფორმულა: ბიუჯეტს ავსებენ რიგითი მოქალაქეები და იქიდან ფინანსდება პოლიტიკური პარტიები. ამ პარტიების მთავარი მოვალეობაა არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდეს ან შესაბამისი ოპონირება გაუწიოს მმართველ პარტიას. სინამდვილეში ეს დაფინანსება წავა იმაზე, რომ ამ პარტიებმა აქციაზე ჩამოიყვანონ მოქალაქეები, დააპურონ ისინი და გაიღონ საწვავის ხარჯები. ეს ხომ სამარცხვინო სიტუაციაა“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.